ვენესუელა

Politico: ტრამპმა ვენესუელის ახალ ლიდერს, დელსი როდრიგესს, მოთხოვნების სია წაუყენა

დელსი როდრიგესი
Leonardo Fernandez Viloria/Reuters

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია მადუროს ვიცეპრეზიდენტი დელსი როდრიგესისგან, რომელიც ახლა ვენესუელის დროებითი ლიდერია, პროამერიკული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს - ნაბიჯების, რომლებზეც თავად მადურო უარს აცხადებდა - თუ მას სურს, რომ თავისი წინამორბედის ბედი არ გაიზიაროს.

როგორც საკითხზე ინფორმირებულმა პირებმა Politico-ს განუცხადეს, აშშ-ს მაღალჩინოსნებმა დელსი როდრიგესს უთხრეს, რომ მათ, სულ მცირე, სამი ნაბიჯის გადადგმის ხილვა სურთ: ნარკოტრეფიკინგის ნაკადების შეზღუდვა; ქვეყნიდან ირანელი, კუბელი ან სხვა ქვეყნების აგენტებისა და აშშ-ს მტრული ქსელების განდევნა; და აშშ-ს მოწინააღმდეგეებისთვის ნავთობის მიყიდვის შეჩერება.

ამასთანავე, ორი წყაროს თქმით, აშშ-ს მაღალჩინოსნები როდრიგესისგან მოელიან, რომ გარკვეულ ეტაპზე იგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და გადადგება. თუმცა, გამოცემის წყაროების ცნობით, მოთხოვნების შესასრულებლად ვადა მოქნილია, ხოლო არჩევნები მყისიერად მოსალოდნელი არ არის. 

ცნობისთვის, 3 იანვარს ვენესუელაში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, დააკავა და ავიამზიდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანა. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა. 

მადურომ და მისმა მეუღლემ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყვეს. მათ ბრალი ნარკო-ტერორიზმში, აშშ-ში იარაღისა და ნარკოტიკების შეტანის შეთქმულებაში ედებათ.

"მე უდანაშაულო ვარ, მე არ ვარ დამნაშავე, მე პატიოსანი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ" - უთხრა მადურომ მოსამართლეს.

მედიის ინფორმაციით, მოსამართლემ შემდეგი სხდომა 17 მარტს ჩანიშნა.

კომენტარები