ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო არჩევნები, საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, ისევ მოიგო.
ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მთავარმა მეტოქემ, ედმუნდო გონზალეზმა მოიპოვა.
ვენესუელას ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა გონზალეზმა სინამდვილეში ხმათა 70% მოიპოვა და გამარჯვებულიც სწორედ ისაა.
მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მისი პარტია, ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო.
2018 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მადურომ მოიგო და ვენესუელას პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ აღიარა.