მას შემდეგ, რაც აშშ-მ ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაცია ჩაატარა, საერთაშორისო სიახლეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ პოლიტიკური აქტორები, რომლებსაც წარსულში შედარებით მცირე ყურადღება ეთმობოდათ. ოპოზიციის ლიდერების გარდა, გამოიკვეთნენ მადუროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც დაკავებული დიქტატორის რეჟიმს ხელმძღვანელობენ.
გთავაზობთ ვენესუელის ბოლო პერიოდის მოვლენებისა და პოლიტიკური აქტორების მოკლე მიმოხილვას.
ვინ არის მადურო და რა ხდებოდა ვენესუელაში გასულ წლებში?
ნიკოლას მადურომ პოლიტიკური კარიერა უგო ჩავესის მმართველობის დროს, 2000 წელს დაიწყო, როცა ის ეროვნულ ასამბლეაში აირჩიეს. მადურო ჩავესის ვენესუელის სოციალისტთა გაერთიანებული პარტიის წევრი იყო. სანამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდებოდა, ის საგარეო საქმეთა მინისტრის (2006-2012), შემდეგ კი ვიცეპრეზიდენტის (2012-2013) პოზიციას იკავებდა. 2013 წლის არჩევნები მას შემდეგ ჩატარდა, რაც უგო ჩავესი, რომელიც თავისი ავტოკრატული მმართველობით იყო ცნობილი, გარდაიცვალა. ჩავესის ე.წ. ბოლივარული რევოლუციის პროცესი, რომელიც სოციალისტურ პრინციპებზე იდგა, მადურომ გააგრძელა.
მადურომ გამარჯვება გამოაცხადა 2018-ისა და 2024 წლის არჩევნებშიც, რომელთა შედეგებიც სადავო იყო. 2019 წელს ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ მადურო ძალაუფლების მითვისებაში დაადანაშაულა. 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ მადუროს გამარჯვება არ აღიარა.
პარალელურად, ეკონომიკური დაღმასვლა, რომელიც ჯერ კიდევ უგო ჩავესის მმართველობის დროს დაიწყო, მადუროს ვადაში კიდევ უფრო გამწვავდა.
მადუროს წინააღმდეგ ვენესუელაში არაერთხელ ჩატარებულა მასშტაბური დემონსტრაციები. ხშირად უკმაყოფილების მიზეზი ინფლაცია, კრიმინალი და კორუფცია ხდებოდა. 2014 წლის საპროტესტო ტალღა 4 000-მდე დაკავებითა და 43 სიკვდილით დასრულდა. დემონსტრაციები გრძელდებოდა 2015-შიც. 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების ბრალდებისა და 2016 წელს მადუროს გადაყენების რეფერენდუმის არჩატარების შემდეგ მორიგი საპროტესტო ტალღა დაიწყო. პოლიტიკური ვითარების ესკალაცია გრძელდებოდა და დაძაბულობამ პიკს 2017 წლის საკონსტიტუციო კრიზისის დროს მიაღწია. მაშინ ვენესუელის იუსტიციის უმაღლესმა ტრიბუნალმა სცადა ეროვნული ასამბლეის ფუნქციები ჩაენაცვლებინა. ასამბლეას მადუროს ოპოზიციონერები ხელმძღვანელობდნენ. რამდენიმეთვიანი მწვავე პროტესტის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მორიგი ფართომასშტაბური დემონსტრაციები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა და 2019 წლის იანვარში დაიწყო. დემონსტრანტები მადუროს გადადგომას ითხოვდნენ. მადურომ თავი გამარჯვებულად 2018 წლის მაისში გამოაცხადა. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პოლიტიკოსები საუბრობდნენ დარღვევებით ჩატარებულ არჩევნებზე. 2019 წელს ეს ყველაფერი საპრეზიდენტო კრიზისში გადაიზარდა, როდესაც კვლავ ოპოზიციის მიერ გაძღოლილმა ეროვნულმა ასამბლეამ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო და გამარჯვებულად მადუროს ოპონენტი, ხუან გუაიდო გამოაცხადა. საპროტესტო ტალღის დროს კვლავ 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საბოლოოდ, დემონსტრაციები Covid-19-ის პანდემიის ფონზე დასრულდა. 2020 წლის ბოლოს მადუროს რეჟიმმა ძალაუფლება მოიპოვა ეროვნულ ასამბლეაში. ვენესუელაში მორიგი ფართომასშტაბური დემონსტრაციები 2024 წლის ივლისში დაიწყო, როცა ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში თავი კიდევ ერთხელ გამოაცხადა გამარჯვებულად. პროტესტი კვლავ დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. მაშინდელი ცნობების მიხედვით, დაიღუპა 23 ადამიანი, აქედან 2 ეროვნული გვარდიის სამხედრო.
2014 და 2017 წლის რეპრესიებს დასავლეთის მიერ სანქციების დაწესება მოჰყვა და გასული წლების განმავლობაში შეზღუდვების რიცხვი იზრდებოდა.
ამ წლების განმავლობაში ვენესუელას ახლო კავშირი ჰქონდა ანტიამერიკულად განწყობილ კუბასთან, რომელიც მადუროს რეჟიმის უსაფრთხოებაზე საჯარისო და საპოლიციო ძალებით ზრუნავდა. კარაკასს ახლო პარტნიორობა აკავშირებს მოსკოვთან, ჩინეთთან და ირანთან. რუსეთი ვენესუელისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო მომმარაგებელი იყო. ამას გარდა, 2019 წელს, პროტესტების ფონზე, გავრცელდა ცნობები, რომ მადუროს რეჟიმის დასახმარებლად კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის სამხედროები გაგზავნეს.
ჯერ კიდევ ტრამპის პირველი ვადის დროს, 2020 წლის მარტში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა მადუროს ნარკოტერორიზმისა და კოკაინის კონტრაბანდის შეთქმულებაში ბრალი წაუყენა. პროკურორები ამბობდნენ, რომ ის ათწლეულების განმავლობაში მოქმედი ძალადობრივი ნარკოკარტელის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მადურო ბრალდებას უარყოფდა.
აშშ-ს ფედერალური პროკურორების ბრალდების მიხედვით, 1999 წლიდან ვენესუელის მაღალჩინოსნები, მათ შორის მადურო, თანამშრომლობდნენ ნარკოტრეფიკინგით დაკავებულ ჯგუფებთან და "ნარკოტერირსტებთან მსოფლიოში". ამას გარდა, ბრალდების მიხედვით, მაშინ, როცა მადურო საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მას უხდიდნენ მილიონობით დოლარს, რათა კრიმინალურ ჯგუფებს ფულის გათეთრებაში დახმარებოდა. მეტიც, მას ბრალად დადეს უშუალოდ ე.წ. მზეთა კარტელის ლიდერობა და საკუთარი პრეზიდენტობის დროს კოკაინით ვაჭრობის გაგრძელება. მზეთა კარტელი არის კრებითი ტერმინი, რომელიც გამოიყენება ვენესუელის მაღალჩინოსნების ნარკოტრეფიკინგის ქსელისა და მათთან დაკავშირებული კრიმინალური საქმიანობის მიმართ.
ვინ არიან მთავარი პოლიტიკური აქტორები ვენესუელის კრიზისის კონტექსტში?
დელსი როდრიგესი
56 წლის დელსი როდრიგესი მადუროს ვიცეპრეზიდენტის ადგილს 2018 წლიდან იკავებდა. როდრიგესი პირველ მაღალ თანამდებობაზე, საპრეზიდენტო საქმეთა მინისტრად ჯერ კიდევ უგო ჩავესის მმართველობის დროს, 2006 წელს დაინიშნა. ის ამ თანამდებობას რამდენიმე თვის განმავლობაში იკავებდა. 2013-2014 წლებში იყო კომუნიკაციებისა და ინფორმაციის მინისტრი. შემდეგ, 2014-2017 წლებში, როდრიგესი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 2020-2024 წლებში, ვიცეპრეზიდენტობის პარალელურად, იკავებდა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობასაც. 2024 წლის აგვისტოში მადურომ როდრიგესს ჩააბარა ნავთობის სამინისტროც, სადაც ის ცდილობდა, რომ ,აშშ-ს სანქციების ფონზე, ნავთობინდუსტრიას ეფექტიანად ემუშავა.
როგორც Reuters-ი წერდა, ბოლო ათწლეულში როდრიგესმა მნიშვნელოვანი გავლენა მოიხვეჭა. მადურო მას, საკუთარი სოციალისტური მთავრობის ხისტად დაცვის გამო, "ვეფხვს" ეძახდა. დელსის ძმა, ხორხე როდრიგესი ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტია.

და-ძმის მამა იყო პარტიზანულ ბრძოლებში ჩართული ხორხე ანტონიო როდრიგესი, რომელმაც 1973 წელს დაარსა რევოლუციური პარტია - სოციალისტთა ლიგა. ის 1976 წელს ამერიკელი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით დააკავეს და პატიმრობის დროს გარდაიცვალა. მისი ოჯახი ირწმუნებოდა, ხორხე ანტონიო როდრიგესს აწამებდნენ. მადურო მას გმირად და "წამებულად" მოიხსენიებდა.
დელსი როდრიგესი განათლებას შრომითი სამართლის მიმართულებით საფრანგეთსა და ინგლისში იღებდა. დელსი საკუთარ ძმასთან ერთად მონაწილეობს მაგიდის ტენისის შეჯიბრებში. ის ცნობილია ძვირადღირებული აქსესუარების ტარებითაც.
როდრიგესმა საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით: სახელმწიფო ხარჯების შემცირებით, სესხზე ლიმიტის დაწესებითა და დოლარისა და ბოლივარის კურსის ფიქსირებით ინფლაციის შენელება შეძლო. ასევე, გასულ წელს, მისი ხელმძღვანელობით, ვენესუელამ ნავთობის წარმოება დღეში 1.1 მილიონ ბარელამდე შეინარჩუნა. როდრიგესი აქტიურად ესწრებოდა კერძო სექტორის ღონისძიებებს, რასაც სხვა ვენესუელელი პოლიტიკოსები არ აკეთებენ. სამუშაო ვიზიტებით ხშირად მოგზაურობდა ჩინეთში, რუსეთსა და თურქეთში.
მადუროს დაკავების შემდეგ, 4 იანვარს ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ როდრიგესი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა. აქამდე, 3 იანვარს ტრამპმა თქვა, რომ როდრიგესი ესაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და შეთანხმდნენ გარდამავალ მთავრობაზე მუშაობაზე. თუმცა აქედან მცირე ხნის შემდეგ როდრიგესი აგრესიული სიტყვით გამოვიდა, აშშ ვენესუელაში შეჭრაში დაადანაშაულა და მადუროს დაბრუნება მოითხოვა. პასუხად დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ როდრიგესი სწორ ნაბიჯებს არ გადადგამდა, მადუროზე "დიდ ფასს" გადაიხდიდა. ამის შემდეგ როდრიგესმა აშშ-სთან მიმართებით რიტორიკა შეარბილა და ვაშინგტონს კოოპერაცია შესთავაზა.
Reuters-თან საუბარში ანონიმური წყაროები ამბობდნენ, რომ ამჟამად როდრიგესის დროებითი მმართველობა ტრამპის ადმინისტრაციისთვის საუკეთესო ვარიანტია. ამავე წყაროების თქმით, აშშ-მ კატარში ვენესუელელი პოლიტიკოსის აქტივები აღმოაჩინა, რაც შესაძლოა ზეწოლის ბერკეტად გამოიყენონ.
ხორხე როდრიგესი
ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ხორხე როდრიგესი, დელსი როდრიგესის ძმა, The New York Times-ის შეფასებით, მადუროს მთავარი პოლიტიკური სტრატეგი იყო. წლების განმავლობაში ის აშშ-სთან მოლაპარაკებებში მადუროს წარმომადგენელი იყო. გამოკითხვების მიხედვით, მას არ აქვს ფართო საჯარო მხარდაჭერა. როდრიგესი, რომელიც მადუროს კამპანიას ხელმძღვანელობდა, დარწმუნებული იყო, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარტივად გაიმარჯვებდნენ. მისი მოლოდინები არ გამართლდა. შედეგად, როგორც NYT-ი წერს, რეჟიმში მისი პოზიციები შეირყა.

დიოსდადო კაბელიო
დიოსდადო კაბელიო ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრია, რომელიც მადუროს რეჟიმის რეპრესიებს ხელმძღვანელობდა. გასული წლების განმავლობაში ის ვენესუელის ძალოვან უწყებებში გავლენებს იმყარებდა და მაღალ თანამდებობებზე საკუთარ მოკავშირეებს ნიშნავდა. კაბელიო ზედამხედველობდა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დაკავებებსაც. ის ასევე ხელმძღვანელობს მადუროს რეჟიმის მხარდამჭერ გასამხედროებულ ულტრამემარცხენე ჯგუფების ერთობას - კოლექტივოს.
წარსულში კაბელიო ლეიტენანტი იყო. ის დაახლოებული იყო მადუროს წინამორბედ უგო ჩავესთან. წლების განმავლობაში, კაბელიო ხშირად გამოდიოდა საჯარო სიტყვებით, აკრიტიკებდა ოპოზიციონერებს. მადუროსთან ერთად ნარკოტერორიზმში ბრალი მასაც ედება. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს მისი დაკავებისთვის გამოსადეგ ინფორმაციაზე $25-მილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული.
Reuters-ის ცნობების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციამ კაბელიო გააფრთხილა, რომ თუ ის დელსი როდრიგესს აშშ-ს მოთხოვნების შესრულებაში არ დაეხმარება, ის ნომერ პირველი სამიზნე გახდება. პოლიტიკური გავლენების გამო კაბელიო როდრიგესთან დაპირისპირებული იყო.

გუსტავო გონსალეს ლოპესი
მას შემდეგ, რაც დელსი როდრიგესმა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაიწყო, ერთ-ერთი პირველი ბრძანება, რაც მან გასცა, საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურად და სამხედრო კონტრდაზვერვის ხელმძღვანელად გენერალი გუსტავო გონსალეს ლოპესის დანიშვნა იყო.
გონსალეს ლოპესი სანქცირებულია როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის მიერ. მას ბრალად ედება ადამიანის უფლებათა დარღვევები და კორუფცია. ის 2019-დან 2024 წლის მეორე ნახევრამდე დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ მან დელსი როდრიგესთან ნავთობის სფეროში თანამშრომლობა დაიწყო.
მიიჩნევა, რომ გონსალეს ლოპესი დაახლოებულია კაბელიოსთან. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით გაურკვეველია მისი ახალ პოზიციებზე დანიშვნა იყო თუ არა კაბელიოს სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი თუ ორ მაღალჩინოსანს შორის განხეთქილება მოხდა.

ვლადიმირ პადრინო ლოპესი
გენერალი ვლადიმირ პადრინო ლოპესი ვენესუელის თავდაცვის მინისტრია. წლების განმავლობაში მას ევალებოდა, რომ შეიარაღებული ძალების განსხვავებული ფრაქციების ერთგულება შეენარჩუნებინა. ცნობების მიხედვით, 2015 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პადრინო ლოპესმა უარი თქვა არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა მიეღო და ოპოზიციის გამარჯვება მიეთვისებინა. ასევე, გავრცელდა ცნობები, რომ ის 2019 წელს სამხედრო გადატრიალების მოწყობას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა.
ამის მიუხედავად, საჯარო განცხადებებში პადრინო ლოპესი მადუროს რეჟიმს იცავდა. გასულ წლებში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ სამხედრო ძალები შლიდნენ ანტისამღავრობო დემონსტრაციებს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. მადუროს დაკავების შემდეგ პადრიონ ლოპესი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ სიტყვით გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ ვენესუელის მართვას ვერ დაიწყებდა.

ნიკოლას მადურო გუერა
ნიკოლას მადურო გუერა ნიკოლას მადუროს შვილია. ის 35 წლისაა და ეროვნული ასამბლეის დეპუტატი 2021 წლიდან არის. მადუროს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალში ფიგურირებს მისი შვილიც, რომელიც დადანაშაულებულია კოკაინის იმპორტირებასა და ტყვიამფრქვევებისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობაში. მადურო გუერამ მამამისის დაკავების ოპერაცია დაგმო და თქვა: "თუ ქვეყნის მეთაურის გატაცების ნორმალიზებას მოვახდენთ, არც ერთი ქვეყანა იქნება უსაფრთხოდ".

მარია კორინა მაჩადო
მარია კორინა მაჩადო ვენესუელის ოპოზიციის ლიდერია. მან ოპოზიციური საქმიანობა ჯერ კიდევ უგო ჩავესის მმართველობის დროს დაიწყო. 2002 წელს ის სამოქალაქო ორგანიზაცია Sumate-ს თანადამფუძნებელი გახდა. ორგანიზაციას არჩევნების მონიტორინგი ევალებოდა. 2010 წელს ის ეროვნულ ასამბლეაში შევიდა, თუმცა 2014 წელს მას დეპუტატის სტატუსი შეუჩერეს. მაშინ ეროვნულ ასამბლეას მადუროს რეჟიმის ერთგული დიოსდადო კაბელიო ხელმძღვანელობდა.
მაჩადომ პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ლიდერი გახდა. 2023 წლის ოქტომბერში ოპოზიციურმა კოალიცია ერთობის პლატფორმამ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრაიმერისი ჩაატარა, რომელშიც მაჩადომ გაიმარჯვა და კანდიდატად დასახელდა. თუმცა, 2024 წელს მადუროს რეჟიმმა მაჩადოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა.
მაჩადომ ოქტომბერში დემოკრატიული ღირებულებების წახალისებისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. საკუთარი დემოკრატიული ძალისხმევის ფარგლებში მაჩადომ დაადასტურა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მადუროს რეჟიმმა გააყალბა და რეალური გამარჯვებული ოპოზიციონერი ედმუნდო გონსალესი იყო.

გასული წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაწესებული შეზღუდვების ფონზე მაჩადო ვენესუელიდან გაიქცა, მისი ადგილმდებარეობა უცნობი იყო. ის საჯაროდ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დეკემბერში გამოჩნდა, როცა მისთვის ნობელის პრემია უნდა გადაეცათ. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ ზეწოლის ზრდის ფონზე მაჩადო ქვეყნის არმიას იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა. მეტიც, მას შემდეგ, რაც მან ნობელის პრემია მიიღო, თქვა: "ამ ჯილდოს ვენესუელის ტანჯულ ხალხსა და ჩვენი მიზნისადმი მისი გადამწყვეტი მხარდაჭერისთვის პრეზიდენტ ტრამპს ვუძღვნი!".
მადუროს დაკავების ოპერაციის შემდეგ მაჩადომ საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "თავისუფლების დრო მოვიდა". ის მხარს უჭერდა ნარკომოვაჭრეთა ნავებზე აშშ-ს იერიშებსაც.
Reuters-ი და სხვა მედიები წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებით, მაჩადოს მიერ გაძღოლილ ოპოზიციას ამჟამად ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არ შეუძლია. ამავე წყაროების თქმით კი, ტრამპს ვითარების ესკალაცია არ სურს, რადგან აშშ-ს კომპანიებისთვის ვენესუელის ნავთობზე წვდომა შესაძლებელი გახდეს.
ედმუნდო გონსალესი
ედმუნდო გონსალესი აშშ-სა და ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მიერ აღიარებული 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმური გამარჯვებულია. საარჩევნო პერიოდის დროს მას მხარდაჭერა გამოუცხადა მარია კორინა მაჩადომ. მადუროს დაკავების შემდეგ მან ედმუნდო გონსალესს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და თქვა, რომ სამხედროებმა ის უნდა აღიარონ ვენესუელის არმიის მთავარსარდლად.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რეჟიმმა მადუროს გამარჯვება დათვლილი ხმების გამოქვეყნების გარეშე გამოაცხადა. თუმცა ოპოზიციონერებმა გამოაქვეყნეს გონსალესის გამარჯვების დამადასტურებელი საბუთები.
2024 წლოს სექტემბერში გონსალესმა ვენესუელა დატოვა და თავშესაფარი ესპანეთს სთხოვა. აქამდე ვენესუელაში მისი დაკავების ორდერი გასცეს. მას არჩევნების შედეგების გასაჯაროების გამო ედავებოდნენ. AP-ს ცნობით, მისი ესპანეთში გადასვლა მადუროს რეჟიმთან მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა.

ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ოპოზიციაში ფაქტობრივად ახალი ლიდერია. მას 2024 წლამდე არჩევნებში მონაწილეობა არასდროს მიუღია და აქამდე ფაქტობრივად უცნობი იყო. თუმცა, არჩევნების პერიოდში, ის პოპულარული ლიდერი გახდა. წარსულში ის აშშ-ში ვენესუელის ელჩის დამხმარე იყო. ასრულებდა ელჩის მოვალეობას ალჟირში. დიპლომატიური საქმიანობით იმყოფებოდა ბელგიასა და ელ-სალვადორშიც. უგო ჩავესის მმართველობის პირველი წლების დროს ის არგენტინაში ვენესუელის ელჩად მუშაობდა, რაც მისი ბოლო თანამდებობა იყო. ბოლო წლებში გონსალესი საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტად მუშაობდა და წერდა სტატიებს არგენტინის პოლიტიკურ ვითარებასა და მეორე მსოფლიო ომის დროს ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობაზე.
მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით გონსალესმა თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯი იყო. მისი თქმით, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, როცა პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ და 2024 წლისა რჩევნების რეალურ შედეგებს აღიარებენ.




