ვენესუელა

ევროკავშირი ნიკოლას მადუროს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად არ აღიარებს

ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, ედმუნდო გონზალესს, 30 ივლისს კარაკასში გამართულ აქციაზე ხმის მიცემის აპარატის ფურცელი უჭირავს
ფოტო: Alexandre Meneghini/Reuters

ევროკავშირი ნიკოლას მადუროს ვენელუსუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად არ აღიარებს.

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა 4 აგვისტოს ევროკავშირის სახელით ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიების შეფასებით, ვენესუელაში ჩატარებული 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არ შეესაბამება სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს.

 იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ეროვნულ საარჩევნო საბჭოს არ გამოუქვეყნებია კენჭისყრის ამსახველი ოქმები, ევროკავშირი ვერ აღიარებს საბჭოს მიერ მტკიცებულებების გარეშე გამოცხადებულ შედეგებს.

ამასთან ერთად, ევროკავშირი თქმით, ვენესუელის ოპოზიციისა და რამდენიმე დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ოქმების ასლების საფუძველზე არჩევნებში მნიშვნელოვანი უპირატესობით ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. 

"ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული და რამდენიმე დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ შესწავლილი საარჩევნო კენჭისყრის ჩანაწერების ასლები მიუთითებს იმაზე, რომ ედმუნდო გონსალეს ურრუტია საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელოვანი უმრავლესობით გამარჯვებულია

ამრიგად, ევროკავშირი მოუწოდებს, თუ შესაძლებელია, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე სუბიექტის მიერ საარჩევნო ჩანაწერების შემდგომი დამოუკიდებელი გადამოწმებისკენ". - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა ასევე მოუწოდა ვენესუელის, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

"ამ კრიტიკულ დროს მნიშვნელოვანია, რომ დემონსტრაციები და პროტესტები მშვიდობიანად ჩატარდეს. ევროკავშირი მოუწოდებს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. ვენესუელის ხელისუფლებას, მათ შორის უსაფრთხოების ძალებმა, პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებებს, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას".


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადუროს ოპონენტი და ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესი აღიარა.

"აბსოლუტური მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეერთებული შტატებისთვის და, რაც მთავარია, ვენესუელელი ხალხისთვის ნათელია, რომ ედმუნდო გონსალესმა ვენესუელას 28 ივლისის არჩევნებში ხმების უმრავლესობა მოიპოვა"- თქვა მიმდინარე კვირის ხუთშაბათს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, ისევ მოიგო

ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მთავარმა მეტოქემ, ედმუნდო გონსალესმა მოიპოვა. 

ვენესუელას ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა გონსალესმა სინამდვილეში ხმათა 70% მოიპოვა და გამარჯვებულიც სწორედ ისაა. 

არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებიც აჩვენებდა, რომ გონსალესისადმი ხალხის მხარდაჭერა მართლაც დიდი იყო.

ვენესუელაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

კომენტარები