ვენესუელა

ვენესუელის სასამართლომ ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის დაკავების ორდერი გასცა

ნიკოლას მადურო (მარცხნივ) და ედმუნდო გონზალესი (მარჯვნივ)
Reuters/Getty

ვენესუელის სასამართლომ ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერი გასცა.

შესაბამის დოკუმენტში, რომელიც ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა გამოსცა, 75 წლის ყოფილ დიპლომატს სასამართლო უზურპაციაში, საჯარო დოკუმენტების გაყალბებაში, წაქეზებასა და დივერსიაში ედავება. აქამდე, გენერალური პროკურორმა, ტერეკ უილიამ სააბმა გოზალესს 3-ჯერ მოუწოდა, მის წინააღმდეგ დაწყებული საქმის განხილვისას სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო, თუმცა გონსალესი სხდომას არ დაესწრო. 

ვენესუელის ოპოზიციამ 2 აგვისტოს გამოაქვეყნა ხმის მიცემის 23,000 აპარატიდან ამოღებული ქვითრები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ოპოზიციის კანდიდატმა ხმათა 80%-ზე მეტი მოიპოვა ხოლო როგორც გამოცემა Washington Post წერს, გონსალესის დაკავების ორდერი ვენესუელის ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული  სწორედ ამ მასალის შესახებ დაწყებული გამოძიების ნაწილია. 

ცნობისთვის, 29 ივლისს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციათა ტალღა მოჰყვა.

არჩევნების შედეგებს ცივილიზებული სამყაროს არცერთი ქვეყანა არ ცნობს, მათ შორის, აშშ, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულად სწორედ ედმუნდო გონსალესს აღიარებს. შედეგებს აღიარებს მადუროს რეჟიმის მხარდამჭერი ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ. 

მიუხედავად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდებებისა, ავტოკრატის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო კომისია ოფიციალურ შედეგებს უბნის დონეზე დღემდე არ ასაჯაროებს. 

მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მისი პარტია, ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო. 

2018 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელიც მადურომ მოიგო და ვენესუელას პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ აღიარა. 

კომენტარები