ვენესუელა

მადუროს 51%-იანი გამარჯვების გამოცხადების შემდეგ ვენესუელაში მასშტაბური აქციები დაიწყო

საპროტესტო აქცია ვენესუელაში, 2024 წლის 29 ივლისი 
REUTERS

ვენესუელაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

კარაკასის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქამდე, ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გამოაცხადა, რომ არჩევნებში 51%-ით გაიმარჯვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მადურომ არჩევნები გააყალბა და მათმა კანდიდატმა, ედმუნდო გონზალესმა დამაჯერებლად, 73.2%-ით გაიმარჯვა.

არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებდა, რომ გონზალესისადმი ხალხის მხარდაჭერა მართლაც დიდი იყო.

ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ვენესუელის ოპოზიცია სწორედ გონზალესის ირგვლივ გაერთიანდა იმედით, რომ მადუროს 11-წლიან მმართველობას დაასრულებდნენ.

შეკრებილი ხალხი სკანდირებდა: "თავისუფლება! თავისუფლება!".

ზოგიერთ უბანში მადუროს დიდი ზომის პოსტერები ჩამოხიეს და დაწვეს.

შეიარაღებული პოლიცია, სამხედროები და მემარცხენე შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც მადუროს მხარეს დგანან, დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ და ქალაქის ცენტრში გზები გადაკეტეს.

მადურო ირწმუნება, რომ ოპოზიცია "ფაშისტურ და კონტრრევოლუციურ" სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობს.

მადუროს პრეზიდენტად აღიარებაზე უარი თქვა არგენტინამ. პასუხად ბუენოს-აირესიდან ვენესუელამ დიპლომატები გამოიხმო. რეჟიმის დაგმობის განცხადებების გამო დიპლომატები გამოიხმეს ჩილედან, კოსტა-რიკიდან, პანამიდან, პერუდან, დომინიკის რესპუბლიკიდან და ურუგვაიდანაც.

 

კომენტარები