აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, 25 დეკემბერს ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რაც, დიდი ალბათობით, რუსულმა რაკეტამ გამოიწვია, რუსეთისგან ბოდიშის მოხდას, ბრალის აღიარებას, პასუხისმგებელი პირების დასჯასა და როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე დაზარალებული მგზავრებისთვის კომპენსაციის გადახდას მოითხოვს.
"პირველ რიგში, რუსეთმა აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს. შემდეგ ბრალი უნდა აღიაროს. შემდეგ კი, დასაჯოს დამნაშავეები, დააკისროს მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და კომპენსაცია გადაუხადოს როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ისე დაზარალებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ეს არის ჩვენი მოთხოვნები". - თქვა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, "პირველი მოთხოვნა", სახელდობრ, ბოდიშის მოხდა უკვე შესრულდა, როდესაც 28 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარის გამო ტელეფონით საუბრისას ბოდიში მოიხადა.
"ვიმედოვნებ, რომ დარჩენილი მოთხოვნებიც შესრულდება". - თქვა ალიევმა.
ცნობისთვის, 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რეისი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას 29 ადამიანი გადაურჩა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, Azerbaijan Airlines-ის ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაზიანდა. აზერბაიჯანული გამოცემა Caliber-ის ცნობით, ილჰამ ალიევმა თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ეროვნული ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. მის ამ განცხადებას, სხვა წყაროებთან ერთად, რუსული სახელმწიფო სააგენტო ТАСС-იც ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსული Панцирь-С-ის ჰსთ სისტემის რაკეტამ დააზიანა. რეისის კომუნიკაციების პარალიზება კი ელექტრონულო ბრძოლის მეთოდებით მოხდა, როცა ის გროზნოს უახლოვდებოდა.
- Euronews: წინასწარი მონაცემებით, აზერბაიჯანული თვითმფრინავი რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო
- ბაქო რუსეთისგან აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარებას ელის - Reuters-ის წყარო
28 დეკემბერს აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ყაზახეთში 25 დეკემბერს ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა, თუმცა ბრალი რუსეთის სახელით არ უღიარებია.
ფაქტს, რომ რუსეთი ბრალს არ აღიარებს, ალიევი გამოეხმაურა.
"სამწუხაროდ, პირველი სამი დღის განმავლობაში ჩვენ რუსეთისგან არაფერი მოგვისმენია, გარდა ბოდვითი ვერსიებისა[...] ერთ-ერთი საკითხი, რომელმაც გული დაგვწყვიტა და გაგვაკვირვა, ის იყო, რომ რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა ერთ-ერთ ვერსიად გაზის ბალონის აფეთქება წამოაყენეს. ეს აშკარად მიუთითებდა იმაზე, რომ რუსეთის მხარეს სურდა საკითხის მიჩუმათება, რაც, რა თქმა უნდა, უპატივცემულობაა". - თქვა ალიევმა.





