Euronews-ი ავრცელებს ექსკლუზიურ ცნობას, რომლის მიხედვითაც, გამოძიების წინასწარი შედეგებით ირკვევა, რომ ბაქო-გროზნოს ავიარეისის აქთაუში ჩამოვარდნა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია.
მედიის ცნობით, ამის შესახებ მათთან აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანონიმურად ისაუბრეს.
Euronews-ი წერს, რომ წყაროების თქმით, რაკეტა გროზნოს თავზე დრონების აქტიურობის დროს გაისროლეს. რაკეტა თვითმფრინავის გვერდზე აფეთქდა და შრაპნელმა ის დააზიანა. წყაროების თქმით, დაზიანებულ თვითმფრინავს რუსულ აეროპორტებში დაჯდომის ნება არ დართეს, მიუხედავად იმისა, რომ ბორტი საავარიო დაშვების ნებართვას ითხოვდა. მათ მისცეს მითითება, რომ აქთაუს მიმართულებით ეფრინათ.
ეს ინფორმაცია ემთხვევა აქამდე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ თეორიას. ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელებში გაჩნდა ვერსია, რომლის მიხედვითაც ბაქო-გროზნოს რეისი შესაძლოა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ მიყენებული დაზიანების გამო ჩამოვარდა. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, თვითმფრინავმა GPS-ის სიგნალი დრონების ჩამხშობი მოწყობილობების გამო დაკარგა და უკან, ბაქოსკენ მობრუნება გადაწყვიტა, როცა მის მახლობლად ჰსთ სისტემის რაკეტა აფეთქდა და შრაპნელმა ის დააზიანა. ამავე დღეს გროზნოზე იერიში უკრაინულმა დრონებმა მიიტანეს.
სრულად ჩამოვარდნის მიზეზის ამ ვერსიასა და რეისთან დაკავშირებულ დამატებით დეტალებზე წაიკითხეთ აქ - ბაქო-გროზნოს რეისი შესაძლოა რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო – რა ვიცით ამჟამად.
25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რეისი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი.
მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების გამოძიება. ტრაგედიის მიზეზის დადგენამდე აზერბაიჯანმა გროზნოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა.