სოციალურ ქსელებში ბაქო-გროზნოს რეისის ყაზახეთში ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ვრცელდება ვერსია, რომ აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი შესაძლოა რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სამიზნე გამხდარიყო.
რა სახის დაზიანებები ჩანს გავრცელებულ ვიდეოებში?
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ თვითმფრინავის მარცხენა ფრთა ჩამოვარდნამდე უკვე დაზიანებული იყო.
ასევე, ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ასევე ფრენის დროს იყო გადაღებული, ჩანს, რომ გახვრეტილია სამაშველო ჟილეტი.
უკვე ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კუდს კი რაკეტის შრაპნელის ან ტყვიების კვალი ეტყობა. აღსანიშნავია, რომ ეს დაზიანებები, ისევე, როგორც ფრთის დაზიანება, თვითმფრინავის მარცხენა მხარეს შეინიშნება.
რა ვიცით ფრენაზე?
Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი ბაქოს აეროპორტიდან მსოფლიო კოორდინირებული დროით 03:55-ზე აფრინდა. ფრენის დროს რეისს GPS-სიგნალზე წვდომა შეუფერხდა, რის შემდეგაც მან ავტომატური დამოკიდებული დაკვირვება-მაუწყებლობის (ADS-B) მონაცემების გადაცემა გაურთულდა. მსოფლიო კოორდინირებული დროით 04:40-ზე თვითმფრინავის ADS-B სიგნალი დაიკარგა. თვითმფრინავის ADS-B სიგნალი Flightradar24-მა, რომელიც მთელ მსოფლიოში ფრენებს აკონტროლებს, დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მსოფლიო კოორდინირებული დროით 06:07-ზე ხელახლა მიიღო. მცირე ხნის შემდეგ, მსოფლიო კოორდინირებული დროით 06:28-ზე თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ამას გარდა, Flightradar24 ფრენის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავს მსოფლიო კოორდინირებული დროით 05:14-დან 06:28-მდე სიმაღლის შენარჩუნება უჭირდა.
რა ცნობები ვრცელდება ტელეგრამ-არხებზე?
მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე მცირე ხნით ადრე გროზნო უკრაინული დრონის სამიზნე გახდა. თავდაპირველად სწორედ ამ ფაქტის შესაბამისად გავრცელდა ცნობები, რომ სამოქალაქო თვითმფრინავი რუსულ ჰსთ-ს შესაძლოა უკრაინულ დრონში აერია და ცეცხლი გაუხსნა. ამას გარდა, რეისმა GPS-ზე წვდომა თავდაპირველად შესაძლოა რადიო-ელექტრონული ბრძოლის მეთოდების გამო დაკარგა.
თვითმფრინავის ჰსთ-ს მიერ დაზიანების ვერსიას არ გამორიცხავენ ომის მხარდამჭერი რუსი სამხედრო ბლოგერები. მაგალითად, Fighterbomber-ი, ანონიმური ტელეგრამ-არხი, რომლის ადმინისტრატორს სამხედრო პილოტობის გამოცდილება აქვს, წერს, რომ იმ ვიდეოს გავრცელება, რომელშიც თვითმფრინავის დაზიანებული კუდი ჩანს, "დროის საკითხი იყო". მისი თქმით, ჩიტებთან შეჯახების ვერსია გამოირიცხა. მისივე თეორიით, პილოტები ცდილობდნენ, რომ თვითმფრინავი აქთაუს აეროპორტში ნავიგაციის გარეშე დაესვათ, რაც არ გამოუვიდათ, შემდეგ კი მისი ტრასაზე დასმა სცადეს, როცა მათ სიმაღლე დაკარგეს და ჩამოვარდნენ.
ტელეგრამ-არხი ВЧК-ОГПУ წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავის მახლობლად აფეთქდა პანცირის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემიდან გაშვებული რაკეტა, რომლის შრაპნელმაც თვითმფრინავი დააზიანა. პანცირის სისტემა დრონის თავდასხმას იგერიებდა.
იგივე არხი ირწმუნება, რომ მათ მოიპოვეს ჩანაწერი, რომელშიც თვითმფრინავის პილოტები გროზნოს აეროპორტის დისპეტჩერს ესაუბრებიან. ВЧК-ОГПУ-მ სავარაუდო ჩანაწერი ტექსტად გამოაქვეყნა. ჩანაწერში პილოტები დისპეტჩერს სთხოვენ ინფორმაციას იმ ადგილებზე, სადაც თვითმფრინავის ავარიულ დაშვებას განიხილავდნენ. პილოტები დისპეტჩერს ეკითხებოდნენ თუ როგორი ამინდი იყო მინერალნიე-ვოდისა და მაჰაჩყალაში. ამავე ჩანაწერში პილოტი ახსენებს ჩიტებთან შეჯახებას, რაც ВЧК-ОГПУ-ს ვერსიით, სინამდვილეში თვითმფრინავის მახლობლად ჰსთ სისტემის რაკეტის აფეთქება იყო. ტელეგრამ-არხის ვარაუდით, აზერბაიჯანულმა თვითმფრინავმა დაზიანება ჩეჩნეთში, ნაურის რაიონის თავზე მიიღო. ВЧК-ОГПУ ხაზს უსვამს, რომ ამ ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე სამხედრო ნაწილი, მათ შორის ჰსთ სისტემებიც.
შემდეგში ВЧК-ОГПУ-მ დაწერა, რომ გაეცნენ სრულ ჩანაწერს და ჰსთ-ს თეორიას ახალი დეტალები დაუმატეს. ტელეგრამ-არხის მიხედვით, მათ მიერ მოპოვებული დიალოგებიდან ჩანს, რომ თავდაპირველად თვითმფრინავი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამხშობი სისტემების მსხვერპლი გახდა. სისტემები მიმდინარე თავდასხმის გამო მუშაობდა. როდესაც თვითმფრინავმა დაბლა დაშვება დაიწყო, GPS-მა მუშაობა შეწყვიტა, რეისი დისპეტჩერის რადარიდან ქრებოდა. ასეთ ვითარებაში პილოტი თვითმფრინავს გროზნოში ვერ დასვამდა და ბაქოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ВЧК-ОГПУ წერს, რომ სწორედ მაშინ, როცა ამ მიზნით რეისმა კურსი შეიცვალა, მის სიახლოვეს მოხდა აფეთქება, სავარაუდოდ, ჰსთ რაკეტის.
დრონების იერიში გროზნოზე
25 დეკემბრის დილას გავრცელდა ცნობა, რომ გროზნო უკრაინული დრონების სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. ტელეგრამ-არხებზე ქვეყნდებოდა ვიდეოები, რომლებშიც დრონები ჩანდა. ისმოდა აფეთქებების ხმები. ბოლო პერიოდში გროზნოზე უკრაინული თავდასხმები გახშირდა. იერიშები მოხდა 4, 12 და 15 დეკემბერსაც.
25 დეკემბრის დრონების იერიშისა და აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დამოუკიდებელი რუსული პროექტი Агентство წერდა, რომ ხელისუფლება ჩეჩნეთზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის ფაქტს მალავდა. მედიაპროექტი ხაზს უსვამს, რომ მაღალჩინოსნებს არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ დრონებმა ჩეჩნეთზე იერიში მიიტანეს. Агентство-მ ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 25 დეკემბრის დილას გავრცელებულ ანგარიშში ჩრდილოეთ კავკასიაში დრონების თავდასხმის მოგერიების შესახებ არაფერი დაუწერია.
25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რეისი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი.
მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების გამოძიება. ტრაგედიის მიზეზის დადგენამდე აზერბაიჯანმა გროზნოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა.