თვითმფრინავის ჩამოვარდნა ყაზახეთში

ბაქო რუსეთისგან აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარებას ელის - Reuters-ის წყარო

25 დეკემბერს ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი.
Reuters

მედიასააგენტო Reuters-ი წერს, რომ ესაუბრა ოთხ ანონიმურ წყაროს, რომლებმაც ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის გამოძიების წინასწარი შედეგები იციან. 

წყაროები იმეორებენ ვერსიას, რომ რეისი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტის მოქმედების შედეგად ჩამოვარდა.

ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა წყარომ Reuters-თან საუბარში თქვა, რომ, გამოძიების წინასწარი შედეგებით, თვითმფრიმავი Панцирь-С-ის ჰსთ სისტემის რაკეტამ დააზიანა. რეისის კომუნიკაციების პარალიზება კი ელექტრონულო ბრძოლის მეთოდებით მოხდა, როცა ის გროზნოს უახლოვდებოდა.

"არავინ ირწმუნება, რომ ეს განზრახ გააკეთეს. თუმცა, დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, ბაქო რუსული მხარისგან ელის აღიარებას, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდეს." - თქვა წყარომ.

დანარჩენმა სამმა წყარომ დაადასტურა, რომ გამოძიების წინასწარი შედეგებით თვითმფრინავის ჩამოგდება რუსულმა ჰსთ-მ გამოიწვია.

აქამდე წყაროზე დაყრდნობით გამოძიების წინასწარი ცნობა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება რუსული ჰსთ-ს მუშაობის შედეგია, Euronews-მაც გაავრცელა.

წყაროების ცნობები ემთხვევა აქამდე გაჟღერებულ თეორიებს. ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელებში გაჩნდა ვერსია, რომლის მიხედვითაც ბაქო-გროზნოს რეისი შესაძლოა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ მიყენებული დაზიანების გამო ჩამოვარდა. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, თვითმფრინავმა GPS-ის სიგნალი დრონების ჩამხშობი მოწყობილობების გამო დაკარგა და უკან, ბაქოსკენ მობრუნება გადაწყვიტა, როცა მის მახლობლად ჰსთ სისტემის რაკეტა აფეთქდა და შრაპნელმა ის დააზიანა. ამავე დღეს გროზნოზე იერიში უკრაინულმა დრონებმა მიიტანეს.

25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რეისი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი. 

მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების გამოძიება. ტრაგედიის მიზეზის დადგენამდე აზერბაიჯანმა გროზნოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა.

კომენტარები