აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, Azerbaijan Airlines-ის ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაზიანდა. აზერბაიჯანული გამოცემა Caliber-ის ცნობით, ილჰამ ალიევმა თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ეროვნული ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. მის ამ განცხადებას, სხვა წყაროებთან ერთად, რუსული სახელმწიფო სააგენტო ТАСС-იც ავრცელებს.
ალიევის თქმით, "ფაქტები შემდეგია: აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე, გროზნოს ქალაქის მახლობლად გარედან დაზიანდა და პრაქტიკულად დაკარგა მართვის უნარი".
მან ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავი რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა გამოიყვანეს მწყობრიდან: "ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩვენი თვითმფრინავი რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამო გახდა უკონტროლო. ეს იყო პირველი დაზიანება, რომელიც თვითმფრინავმა მიიღო" - თქვა პრეზიდენტმა ინტერვიუში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავის კატასტროფის საბოლოო ვერსია ცნობილი მხოლოდ "შავი ყუთების" გაშიფვრის შემდეგ გახდება. თუმცა, მისი თქმით, ის ფაქტი, რომ თვითმფრინავის კორპუსი მთლიანად დაზიანებული იყო ხვრელებით, სრულად გამორიცხავს ჩიტებთან შეჯახების ვერსიას.
ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ თავისი ბრალი ეღიარებინა და ბოდიში მოეხადა, "საკითხის მიჩუმათებას" "გაზის ბალონის აფეთქების" ვერსიის წამოყენებით ცდილობდა.
25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რეისი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი.
27 დეკემბერს, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ყაზახეთში 25 დეკემბერს ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა.
გავრცელებული ცნობებით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა "მწუხარება გამოხატა" 25 დეკემბერს დატრიალებული ტრაგედიის გამო, როდესაც აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. გამოძიების წინასწარი შედეგებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია.
აქამდე კრემლში ინფორმაციას, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია, არ ადასტურებდნენ. კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობდა, რომ გამოძიების დასრულებამდე ხალხი "რაღაც ჰიპოთეზებზე" არ უნდა საუბრობდეს.
მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე მცირე ხნით ადრე გროზნო უკრაინული დრონის სამიზნე გახდა. თავდაპირველად სწორედ ამ ფაქტის შესაბამისად გავრცელდა ცნობები, რომ სამოქალაქო თვითმფრინავი რუსულ ჰსთ-ს შესაძლოა უკრაინულ დრონში აერია და ცეცხლი გაუხსნა. ამას გარდა, რეისმა GPS-ზე წვდომა თავდაპირველად შესაძლოა რადიო-ელექტრონული ბრძოლის მეთოდების გამო დაკარგა.
25 დეკემბრის დრონების იერიშისა და აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დამოუკიდებელი რუსული პროექტი Агентство წერდა, რომ ხელისუფლება ჩეჩნეთზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის ფაქტს მალავდა. მედიაპროექტი ხაზს უსვამს, რომ მაღალჩინოსნებს არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ დრონებმა ჩეჩნეთზე იერიში მიიტანეს. Агентство-მ ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 25 დეკემბრის დილას გავრცელებულ ანგარიშში ჩრდილოეთ კავკასიაში დრონების თავდასხმის მოგერიების შესახებ არაფერი დაუწერია.





