ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 2024 წლის 25 დეკემბერს "აზერბაიჯანის ავიახაზების" (AZAL) თვითმფრინავის ჩამოგდების გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში პირდაპირ არ არის დასახელებული რუსეთი პასუხისმგებელ მხარედ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა რეგიონში უკრაინული დრონების წინააღმდეგ ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი გამოიყენეს.
ანგარიშის თანახმად, ფრენა ბაქოდან გროზნოს მიმართულებით სრულდებოდა, თუმცა უამინდობის გამო თვითმფრინავმა დაშვება ვერ შეძლო. შემობრუნების შემდეგ მგზავრებმა, სავარაუდოდ, რუსული რაკეტის აფეთქების ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ჰიდრავლიკური სისტემა დაზიანდა.
ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის გამოყენების კვალს ისიც ადასტურებს, რომ გამოძიებამ თვითმფრინავში რკინისა და ფოლადის ფრაგმენტები აღმოაჩინა, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსული რაკეტის თვითმფრინავთან ახლოს აფეთქებამ წარმოშვა.
გამომძიებლებმა აგრეთვე თქვეს, რომ სასამართლო ექსპერტიზამ თვითმფრინავის ბორტზე ფეთქებადი ნივთიერებების კვალი ვერ აღმოაჩინა, რაც დამატებითი მტკიცებულებაა, რომ თვითმფრინავის შიგნით აფეთქება არ მომხდარა.
ტრანსპორტის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ შუალედური ანგარიშია, გამოძიება გრძელდება და საბოლოო დასკვნები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტაჯიკეთში დუშანბეს რეგიონულ სამიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს უთხრა, რომ გასულ წელს ორი რუსული რაკეტა აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის მახლობლად აფეთქდა, რის შედეგადაც ბაქო-გროზნოს რეისი ყაზახეთში ჩამოვარდა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავიდან რამდენიმე მეტრში ორი რუსული რაკეტა აფეთქდა და ავიაკატასტროფა გამოიწვია. რუსეთის განცხადებით, იმ დღეს რუსული რაკეტები მათ საჰაერო სივრცეში შემოსულ სამ უკრაინულ დრონს დაედევნნენ, რა დროსაც ავიარეისის მახლობლად აფეთქდნენ.
"ორივე რაკეტა, რომლებიც გაისროლეს, თვითმფრინავს პირდაპირ არ მოხვედრია. ასე რომ ყოფილიყო, ის ადგილზევე ჩამოვარდებოდა, მაგრამ რაკეტები, შესაძლოა, თვითგანადგურების მექანიზმის შედეგად, რამდენიმე მეტრის დაშორებით, დაახლოებით 10 მეტრში აფეთქდნენ.
შესაბამისად, ზიანი ძირითადად არ იყო გამოწვეული საბრძოლო ქობინით, არამედ, უფრო მეტად, თავად რაკეტების ნამსხვრევებით. ამიტომ აღიქვა ეს როგორც ფრინველებთან შეჯახება, რაც მან რუს ავიადისპეტჩერებს მოახსენა და ეს ყველაფერი ჩაწერილია ე.წ. "შავ ყუთებში"" - განაცხადა პუტინმა ალიევთან შეხვედრისას.
ცნობისთის, 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რეისი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი.





