ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ აქთაუში აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ თვითმფრინავი ჰაერში "გარე ობიექტებმა" დააზიანა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავს გამჭოლი დაზიანებები ჰქონდა და ჰორიზონტალური სტაბილიზატორიდან და ჰიდრავლიკური სისტემიდან "გარე ლითონური ობიექტები" ამოიღეს.
"შემორჩენილი ნაწილების პირველადმა შემოწმებამ ფიუზელაჟის, კილის, ჰორიზონტალური სტაბილიზატორის, სიმაღლისა და მიმართულების საჭეთა უკანა ნაწილში სხვადასხვა ზომისა და ფორმის გამჭოლი და არაგამჭოლი დაზიანებები გამოავლინა". - წერია წინასწარ ანგარიშში.
Reuters-თან საუბრისას აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ანგარიშში ნახსენები გარე დაზიანება რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია, რომელიც ჩამოგდებულ თვითმფრინავში აღმოაჩინეს. მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე ამ ობიექტს ფლობს.
"აზერბაიჯანული მხარე ფლობს Панцирь-С-ის ტიპის რაკეტას, რომელიც თვითმფრინავიდან ამოიღეს და საერთაშორისო ექსპერტიზის შედეგად იდენტიფიცირდა".
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ რუსეთის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების ფიზიკური მტკიცებულებები აქვთ.
აზერბაიჯანის ტრანპსორტის სამინისტრომ ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თვითმფრინავი სრულად მუშა მდგომარეობაში იმყოფებოდა და მისი მწყობრიდან გამოყვანა "გარე ობიექტების" შეჯახებამ გამოიწვია.
წინასწარი ანგარიში გლობალური საავიაციო წესების ფარგლებში მომზადდა და მიზნად მსგავსი შემთხვევების სამომავლო პრევენციას და არა დამნაშავის დადგენას ისახავს. ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული, რამ გამოიწვია "გარე ობიექტების" შეჯახება თვითმფრინავთან და ვინ არის პასუხისმგებელი ავიაკატასტროფაზე.
როგორც ანგარიშში წერია, იმ გამჭოლი დაზიანებების ხასიათისა და წარმომავლობის დასადგენად, რომლებიც გამოიწვია "გარე ობიექტებმა, შესაბამისი გამოძიება და ექსპერტიზა ჩატარდება". გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ ექსპერტები ბორტზე ე.წ. შავი ყუთების გაშიფვრაზეც მუშაობენ.
53-გვერიდანი დოკუმენტის მიხედვით, დაახლოებით დილის 5 საათზე ეკიპაჟის კაბინაში ხმის თვითმწერმა 25 წამის განმავლობაში ორი შეჯახების ხმა აღრიცხა. 2 წუთის შემდეგ პილოტმა ავიადისპეტჩერებს შეატყობინა, რომ, მისი აზრით, თვითმფრინავს ფრინველები დაეჯახნენ, 5 წუთის შემდეგ კი თქვა, რომ თვითმფრინავი კონტროლს კარგავდა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ჟანგბადის ავზი აფეთქდა.
დაზიანების დროს თვითმფრინავი რუსეთში, გროზნოს საჰაერო სივრცეში მდებარეობდა.
როგორც სამინისტრო აღნიშნავს, რუსმა ავიადისპეტჩერებმა თვითმფრინავის დაზიანებიდან 8 წუთში გამოაცხადეს პროტოკოლი, რომელიც თვითმფრინავებს დრონების თავდასხმების საჰაერო სივრცეში ფრენას უკრძალავს და ამიტომ პილოტს საგანგებო დაშვების ნებართვა არ მისცეს.
საბოლოოდ, ეკიპაჟმა საგანგებო დაშვება ყაზახეთში, ქალაქ აქთაუში გადაწყვიტა, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა - ამ დროს ხარვეზების შესახებ პირველი შეტყობინებიდან 1 საათი და 12 წუთი იყო გასული.
2024 წლის 25 დეკემბერს, Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. თვითმფრინავთან კავშირი რუსეთის საჰაერო სივრცეში დაიკარგა, ეკიპაჟმა კურსი შეცვალა, კასპიის ზღვას გადაუფრინა და ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში ავარიული დაშვება სცადა. მფრინავის მცდელობის მიუხედავად, თვითმფრინავი მიწას დაეჯახა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა, ასევე შეჯახების შედეგად მოხდა აფეთქება. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი, მათ შორის ორივე პილოტი, გადარჩა 26 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.
ავიაკატასტროფიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავმა გაეთიშა GPS-ი, რაც სპეციალისტების ვარაუდით ნავიგაციის დამხშობი ელექტრო სიგნალით იყო გამოწვეული, რომელსაც რუსეთის საჰაერო თავდაცვა დრონების მოსაგერიებლად იყენებს. გარდა ამისა, ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ეტყობა ჭურვის ნამსხვრევების მოხვედრის კვალი, სავარაუდოთ რუსეთის საჰაერო თავდაცვას აზერბაიჯანული თვითმფრინავი უკრაინული დრონი ეგონა და ბორტს მიწა-ჰაერის ტიპის ჭურვი ესროლა. ჩამოვარდნის ვერსიას ზურგს უმაგრებს ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის საჰაერო თავდაცვა უკრაინული დრონების იერიშს იგერიებდა.
ინციდენტს გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც რუსეთისგან ბოდიშის მოხდა და კომპენსაცია მოითხოვა:
"პირველ რიგში, რუსეთმა აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს. შემდეგ ბრალი უნდა აღიაროს. შემდეგ კი, დასაჯოს დამნაშავეები, დააკისროს მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და კომპენსაცია გადაუხადოს როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ისე დაზარალებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ეს არის ჩვენი მოთხოვნები".