თვითმფრინავის ჩამოვარდნა ყაზახეთში

აზერბაიჯანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა

25 დეკემბერს ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი.
Reuters

აზერბაიჯანმა, 25 დეკემბერს, სავარაუდოდ, რუსული რაკეტის გამო აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფონზე, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აიჰან ჰაჯიზადეს თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩენის ვადებზე შეზღუდვები გამკაცრდება. 

"როგორც საგარეო პოლიტიკის ყველა საკითხში, დროებითი დარჩენისა და მიგრაციის საკითხებშიც, აზერბაიჯანული მხარე იმოქმედებს პარიტეტისა და ორმხრივობის პრინციპებიდან გამომდინარე". - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

შეზღუდვები ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა, რომელთა მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩენა, ნაცვლად 90 დღისა 180-დღიან პერიოდში, 90 დღის განმავლობაში, თუმცა 1 წლის პერიოდში ერთხელ შეეძლებათ. 

ცნობისთვის, 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რეისი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას 29 ადამიანი გადაურჩა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, Azerbaijan Airlines-ის ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაზიანდა.  აზერბაიჯანული გამოცემა Caliber-ის ცნობითილჰამ ალიევმა თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ეროვნული ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. მის ამ განცხადებას, სხვა წყაროებთან ერთად, რუსული სახელმწიფო სააგენტო ТАСС-იც ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსული Панцирь-С-ის ჰსთ სისტემის რაკეტამ დააზიანა. რეისის კომუნიკაციების პარალიზება კი ელექტრონულო ბრძოლის მეთოდებით მოხდა, როცა ის გროზნოს უახლოვდებოდა.

28 დეკემბერს აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ყაზახეთში 25 დეკემბერს ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა, თუმცა ბრალი რუსეთის სახელით არ უღიარებია. 

ფაქტს, რომ რუსეთი ბრალს არ აღიარებს, ალიევი გამოეხმაურა. 

"სამწუხაროდ, პირველი სამი დღის განმავლობაში ჩვენ რუსეთისგან არაფერი მოგვისმენია, გარდა ბოდვითი ვერსიებისა[...] ერთ-ერთი საკითხი, რომელმაც გული დაგვწყვიტა და გაგვაკვირვა, ის იყო, რომ რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა ერთ-ერთ ვერსიად გაზის ბალონის აფეთქება წამოაყენეს. ეს აშკარად მიუთითებდა იმაზე, რომ რუსეთის მხარეს სურდა საკითხის მიჩუმათება, რაც, რა თქმა უნდა, უპატივცემულობაა". - თქვა ალიევმა. 

კომენტარები