თვითმფრინავის ჩამოვარდნა ყაზახეთში

აზერბაიჯანის ავიახაზებმა რუსეთის 7 ქალაქის მიმართულებით ფრენები დროებით შეწყვიტა

აზერბაიჯანის ავიახაზებმა (AZAL) რუსეთის 7 ქალაქის მიმართულების ფრენები დროებით შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე აღნიშნული ავიახაზების ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავი ჩამოვარდა

26 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით კი, გამოძიების წინასწარი შედეგებით ირკვევა, რომ ბაქო-გროზნოს ავიარეისის აქთაუში ჩამოვარდნა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია

აზერბაიჯანის ავიახაზების განცხადებით, ფრენების გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიამ "გაითვალისწინა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე დაწყებული გამოძიების წინასწარი შედეგები და ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები". 

რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax-ის ცნობით, აზერბაიჯანის ავიახაზები რეისების განხორციელებას კვლავ გააგრძელებს რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის, მოსკოვისა და სანქტ პეტერბურგის მიმართულებით. 

25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რეისი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი. 

ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა წყარომ Reuters-თან საუბარში თქვა, რომ, გამოძიების წინასწარი შედეგებით, თვითმფრინავი Панцирь-С-ის ჰსთ სისტემის რაკეტამ დააზიანა. რეისის კომუნიკაციების პარალიზება კი ელექტრონულო ბრძოლის მეთოდებით მოხდა, როცა ის გროზნოს უახლოვდებოდა.

"არავინ ირწმუნება, რომ ეს განზრახ გააკეთეს. თუმცა, დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, ბაქო რუსული მხარისგან ელის აღიარებას, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდეს." - თქვა წყარომ.

დანარჩენმა სამმა წყარომ დაადასტურა, რომ გამოძიების წინასწარი შედეგებით თვითმფრინავის ჩამოგდება რუსულმა ჰსთ-მ გამოიწვია.

იგივე ცნობები რუსული რაკეტის შესახებ 25 დეკემბერს გაავრცელა Euronews-მაც. 

კრემლმა მომხდარის შესახებ და თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად რუსული რაკეტის დასახელების შესახებ კომენტარი გააკეთა. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, გამოძიების დასრულებამდე ხალხი "რაღაც ჰიპოთეზებზე" არ უნდა საუბრობდეს.

"ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, ნებისმიერი საჰაერო ინციდენტი უნდა გამოიძიოს სპეციალიზებულმა საავიაციო ხელისუფლებამ. გამოძიების დასკვნამდე რაღაც ჰიპოთეზების წამოჭრა არ იქნებოდა სწორი. და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ შეგვიძლია და არავინ უნდა გააკეთოს ეს." - თქვა პესკოვმა.

კომენტარები