ჩრდილოეთკორეელი სამხედროები რუსეთში

მედია: რუსეთში გაგზავნილი ჩრდ. კორეელი სამხედროები პორნოგრაფიას მიეჯაჭვნენ

მედიაში გავრცელებული ცნობებით, რუსეთში ჩასულმა ჩრდილოეთკორეელმა ჯარისკაცებმა, ინტერნეტზე წვდომის მოპოვების შემდეგ, პორნოგრაფიის ჭარბად მოხმარება დაიწყეს. 

ცნობები თავდაპირველად გამოცემა Financial Times-ის საერთაშორისო განყოფილების მთავარმა ჟურნალისტმა, გიდეონ რახმანმა "ჩვეულებისამებრ სანდო წყაროზე" დაყრდნობით, X-ზე გაავრცელა

"წყარომ, რომელიც ჩვეულებისამებრ სანდოა, მითხრა, რომ რუსეთში გაგზავნილ ჩრდილოეთკორეელ სამხედროებს აქამდე ინტერნეტთან შეუზღუდავი წვდომა არასდროს ჰქონიათ. შედეგად, მათ პორნოგრაფიის ჭარბად მოხმარება დაიწყეს". - წერს რახმანი X-ზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტთან წვდომა სრულიად თავისუფალი არც რუსეთშია, ის ისეთი შეზღუდული არ არის, როგორც ჩრდილოეთ კორეაში. 

აშშ-ს პენტაგონში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ მათ ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლიათ. 

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჩარდლი დიტზმა თქვა, რომ მას არ შეეძლო ცნობების დადასტურება "ჩრდილოეთკორეელების ინტერნეტ-ჩვევების ან 'არაგანაკვეთური' ვირტუალური [საქმიანობების]" შესახებ. 

"ინტერნეტთან წვდომასთან დაკავშირებით შეკითხვა უფრო მოსკოვს უნდა დაუსვათ. ამ დროისთვის, ჩვენი ყურადღება უკრაინის მხარდაჭერისკენაა მიმართული". - თქვა დიტზმა. 

აშშ-ს პენტაგონისა და სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დაახლოებით 10,000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცია გაგზავნილი. 

5 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები პირველად დაუპირისპირდნენ კურსკის ოლქში გადასხმულ ჩრდილოეთკორეელთა დანაყოფებს. 

21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა  ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარების გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

"ჩვენ ბევრ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვხედავთ, სამხრეთ კორეელები ერთს ამბობენ, შემდეგ პენტაგონი ამბობს, რომ ამის მტკიცებულებები არ მოეპოვებათ, ამიტომ, ბევრი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. ალბათ, ჩვენც ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს". - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

23 ოქტომბერს, აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, "ძალიან სერიოზული" იქნება, თუკი ჩრდილოეთ კორეელები უკრაინაში რუსების გვერდით საბრძოლველად ემზადებიან.  

სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, უკრაინაში, ჯამში, 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარი ოთხი ბრიგადა გაგზავნოს. დაზვერვის მიხედვით, ჯარისკაცების მობილიზაცია უკვე დაწყებულია. 

თავდაპირველად, 14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროებს აგზავნის, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან. 

კომენტარები