უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა კურსკის ოლქში ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები ხელახლა გააგზავნა და თავდასხმები განახლდა. მისივე თქმით, უკრაინელებმა დაპირისპირებისას ასობით რუსი და ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი მოკლეს.
"კურსკის ოპერაციის რაიონებში ახალი შტურმები იყო - რუსულმა ჯარმა ხელახლა განალაგეს ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები. ოკუპანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა განადგურებულია, საუბარია ასობით რუს და ჩრდილოეთკორეელ სამხედროზე.
და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა სწორედ რუსულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რომ ჩვენი ქალაქების, ჩვენი მიწის წინააღმდეგ დაძაბულობის გაზრდის საშუალება არ მივცეთ, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ფრონტზე - რუსული არმიის 60 ათასი [ჯარისკაცი] კურსკში ეს არის 60 ათასი [ჯარისკაცი], რომელიც პორკოვსკსა და ჩვენი დონეცკის ოლქის სხვა მიმართულებებში ოკუპანტის ისედაც მნიშვნელოვან ძალებს არ დამატებია". - თქვა ზელენსკიმ,
31 იანვარს, გამოცემა New York Times ამერიკელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის დასახმარებლად ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ჩრდილოკორეელი სამხედროები მიღებული მძიმე დანაკარგების გამო ბრძოლის ველიდან უკან გაიყვანეს.
მაღალჩინოსნების თქმით, უკრაინელ სამხედროებს უკვე დაახლოებით ორი კვირაა, რაც კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი სამხედროები აღარ შეუნიშნავთ.
New York Times-ის მიხედვით, უკრაინელი მაღალჩინოსნები წერენ, რომ მათ წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოკორეელი სამხედროები ძლიერი სამხედროები არიან, თუმცა არაორგანიზებულობამ და რუსულ დანაყოფებთან ერთსულოვნების ნაკლებობამ მათ რიგებში დანაკარგების გაზრდა გამოიწვია.
ამასთანავე, ფრონტის ხაზზე უკრაინელი სამხედროებისა და მაღალჩინოსნების თქმით, ველზე გამოჩენის შემდეგ, ჩრდილოკორეელი სამხედროები მარტო მიატოვეს და ისინი ჯავშანმანქანებისა და გადაჯგუფებების, ან უკან დახევის, გარეშე მიიწევდნენ წინ.
მოგვიანებით, გამოცემა The War Zone-ის ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა, უარყო მედიაში გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთკორეელმა სამხედროებმა კურსკის ოლქი დატოვეს.
მანამდე, 23 დეკემბერს, სამხრეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს დამატებით სამხედროებითა და შეიარაღებით, მათ შორის, კამიკაძე დრონებით, დაეხმაროს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 5 ნოემბერს პირველად განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები პირველად დაუპირისპირდნენ კურსკის ოლქში გადასხმულ ჩრდილოეთკორეელთა დანაყოფებს.
თუმცა, 21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარების გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
ორი დღის შემდეგ აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.
სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, უკრაინაში, ჯამში, 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარი ოთხი ბრიგადა გაგზავნოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს უკვე იყენებენ.





