ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ამერიკული კომპანია Concentrix-ით, რომელიც საქართველოში პროგრამა აწარმოე საქართველოშის მხარდაჭერით შემოიყვანეს, გამოძიება ე.წ. დანაშაულებრივი ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაინტერესდა. დავითაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ გამოძიებით დადგინდება, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა.
"Concentrix-ი არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს BPO სექტორში, ე.წ. Business Process Outsourcing-ში. მართალია, ეს არის აწარმოე საქართველოშის პროექტის ფარგლებში. ჩვენ გვქონდა შესწავლილი BPO სექტორი. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და ავტორიტეტული საერთაშორისო BPO კომპანიები შემოყვანა მოვახერხეთ ქვეყანაში, რომელმაც დასაქმებას ხელი შეუწყო.
თუმცა, მეორეს მხრივ, თქვენ იცით, რომ ასევე აქტუალურია ე.წ. დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რომელსაც სამართალდამცავები აწარმოებენ, იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალური საქმიანობა ქვეყანაში არ არსებობდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. შესაბამისად, სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ კონკრეტულად რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას.
იგივე შემიძლია გითხრათ, სხვა ორგანიზაციებშიც თუ ასეთი ტიპის შემოწმებები ხორციელდება, ეს, ბუნებრივია, მე დეტალური ინფორმაცია არ გამაჩნია და ამაზე სამართალდამცავები უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. დღის განმავლობაში, ალბათ, გაავრცელებენ განცხადებას და საზოგადოება ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს". - თქვა დავითაშვილმა.
თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკული კომპანია Concentrix-ის საქართველოს ოფისში ფინანსური პოლიცია შევიდა, სადაც ჩხრეკა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ტაბულას ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა Concentrix-ის თანამშრომლების ნაწილი ოფისში არ შეუშვეს და უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი ვერ შედგება. ოფისში ამჟამად ჩხრეკას მხოლოდ კომპანიის მენეჯმენტის წევრები ესწრებიან. თანამშრომლების თქმით, მათთვის უცნობია ფინანსური პოლიციის ოფისში შესვლის მიზეზიც.
დღეს, 24 ოქტომბერს ფინანსური პოლიცია შევიდა Atlantic Council-ის თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში. ფინანსურმა პოლიციამ წაიღო გელავას პერსონალური კომპიუტერი, პირადი ტელეფონი, მისი მეუღლის, ფედერალისტების ერთერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის ლეპტოპი და მათი არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპი. ჩხრეკა სასამართლოს განჩინებით ჩატარდა.
ამასთან, ფინანსური პოლიცია Mercatus Capital-ის დამფუძნებლის, ვალერი ტყეშელაშვილის მშობლების სახლსაც ჩხრეკს. როგორც ტყეშელაშვილი ამბობს, ჯერ უბნის ინსპექტორები ესტუმრნენ, შემდეგ კი ფინანსური პოლიცია, რომელთაც განუცხადეს, რომ ეჭვი აქვთ, რომ "ქოლცენტრებთან დაკავშირებულ საქმიანობას ვეწევი, ადამიანი, რომელიც ბოლო 10 წელია საქართველოში არ ვიმყოფებოდი".
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომედი შოუს მსახიობის ონისე ცხადაძის და მისი ძმის სახლიც გაჩხრიკა.
"მოდით, დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას და ეს ინფორმაცია შეიძლება საზოგადოებისთვის იყოს ძალიან საინტერესო" - ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებზე დასმულ კითხვებს.
კითხვაზე, რატომ უნდა იყოს საინტერესო, კობახიძე პასუხობს - " შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს ეს ინფორმაცია, მე ვმარჩიელობ ახლა, მაგრამ მგონია, რომ შეიძლება იყოს საინტერესო ეს ინფორმაცია".
როგორც სამთავრობო ტელევიზიის გავრცელებულ მასალაში წერია, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თბილისში დილიდან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ხოლო ქოლცენტრების უკან დავით კეზერაშვილი დგას.
სად და რატომ შევიდა ფინანსური პოლიცია? რა ვიცით ამ დროისთვის





