თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკული კომპანია Concentrix-ის საქართველოს ოფისში ფინანსური პოლიცია შევიდა, სადაც ჩხრეკა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ტაბულას ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა Concentrix-ის თანამშრომლების ნაწილი ოფისში არ შეუშვეს და უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი ვერ შედგება. ოფისში ამჟამად ჩხრეკას მხოლოდ კომპანიის მენეჯმენტის წევრები ესწრებიან. თანამშრომლების თქმით, მათთვის უცნობია ფინანსური პოლიციის ოფისში შესვლის მიზეზიც.
Concentrix კალიფორნიაში დაარსებული ბიზნეს პროცესების მართვის კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდებს უწევს კონსულტაციას. კომპანიას 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში აქვს ოფისი.
ამერიკული კომპანია Concentrix ქართულ ბაზარზე 2021 წელს, სახელმწიფო სააგენტოს, აწარმოე საქართველოში ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით შემოვიდა.





