ე.წ. ქოლცენტრები

შსს: დუშეთში, სასტუმროში სავარაუდოდ მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი - საქმესთან დაკავშირებით, ასევე გამოავლინეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე. 

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი.

პოლიციამ ადგილზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ათეულობით მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, რომელთა მეშვეობითაც სავარაუდოდ უკანონო ფინანსური საქმიანობა ხორციელდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო.

სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გამოვლენილ იქნა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე.

მიგრაციის დეპარტამენტმა აღნიშნული პირების მიმართ, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მათი დაკავება და წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსება.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სასტუმროში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო ხანძარი, რომელიც პოლიციის მისვლის დროს, უკვე ლიკვიდირებული იყო, სასტუმროში მყოფმა სხვა პირებმა ტერიტორია დატოვეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე გრძელდება.

კომენტარები