Atlantic Council-ის თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში ჩხრეკა დასრულდა. ფინანსურმა პოლიციამ წაიღო გელავას პერსონალური კომპიუტერი, პირადი ტელეფონი, მისი მეუღლის, ფედერალისტების ერთერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის ლეპტოპი და მათი არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპი. ჩხრეკა სასამართლოს განჩინებით ჩატარდა.
"ამიხსნეს, რომ ეს არის დაკავშირებული იმ კომპანიასთან, რომელსაც დაკონტრაქტებული ვყავარ, თუმცა, რეალურად მე ვმუშაობ ატლანტიკურ საბჭოში, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამერიკაში დაფუძნებული და ჩემი საქმიანობა არის პირდაპირ დაკავშირებული დეზინფორმაციასთან, საინფორმაციო ოპერაციების კვლევასთან, რუსეთის ჩარევასთან. ამიტომ, ჩემთვის, ამ წუთას ძალიან საეჭვოა, რა ხდება და რასთან არის დაკავშირებული ეს ამბავი" - ამბობს გელავა TV პირველთან.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება მის საქმიანობას, Atlantic Council-ის თანამშრომელი პასუხობს, რომ "ძალიან რთულია ამაზე საუბარი. უბრალოდ მითხრეს, რომ ამ კომპანიასთან არის დაკავშირებული ფინანსური გამოძიება, რეალურად, ეს არის HR კომპანია, რომელიც არის დაკონტრაქტებული ატლანტიკური საბჭოს მიერ".
ადვოკატ შოთა თუთბერიძის შეფასებით, ჩხრეკა სავარაუდოდ, წინასაარჩევნო რეპრესიებს უკავშირდება.
"რაც შეეხება ჩხრეკის პროცესს, საფუძველშივე ეს ჩხრეკა არის უკანონო, თუმცა, ჩვენ იმ თანამშრომლებთან, ვინც მოვიდნენ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია. იქცეოდნენ ზრდილობიანად, დაიცვეს კანონით გათვალისწინებული წესები და პროცედურული თვალსაზრისით, წესების დაცვით ჩატარდა ჩხრეკა.
თუმცა, თავად ჩხრეკის შინაარსი და სასამართლოს განჩინება ჩხრეკასთან დაკავშირებით მე წავიკითხე და არის სრულიად აბსურდული და დაუსაბუთებელი.
კანონით, ჩხრეკის შესახებ განჩინებაში იწერება, რას ეძებს გამოძიება. აქ არ ეწერა და ეს იყო სტანდარტული შაბლონი, რომელიც გამზადებულია ხოლმე იმ შემთხვევისთვის, როცა პოლიცია მზად არის, რომ ადამიანებს რაღაცა ჩაუდოს.
ჩვენს შემთხვევაში, ეს მადლობა ღმერთს და კეთილსინდისიერ სამართალდამცველებს, არ მომხდარა და ეს საფრთხე არც გვიგრძვნია ამ ეტაპზე, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება არის აბსურდული, იმიტომ, რომ არც ამ საცხოვრებელ სახლს და არც ამ ადამიანებს, ვისთანაც ჩხრეკა ჩატარდა, არავითარი შემხებლობა არ აქვს საქმესთან " - ამბიობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
ცნობილი გახდა, რომ სოფო გელავას გარდა, ფინანსური პოლიცია შევიდა ეთერ ბუზიაშვილის და ონისე ცხადაძის სახლებშიც. ბუზიაშვილი ასევე Atlantic Council-ის მკვლევარია. ონისე ცხადაძე კი - სთენდაფერი.
"ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან. გარაჟის დაშენებაში გვაქვს ნაქირავები, მე ყველა ანგარიში დაყადაღებული მაქვს, ჩემს ძმას ბანკის ვალები და ჩვენთან მოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა (ერთი წლის გაფუჭებული ლეპტოპიც) ჩემი ტელეფონის გარდა. ოქმი იყო ძალიან სასაცილო. ყველაფერზე ეწერა - ამოღებულია ლეპტოპი ყავისფერი ჩანთიდან, რომელიც იდო იატაკზე, ამოღებულია ტელეფონი, რომელიც იდო იატაკზე... ყველაფერი იატაკზე იდო. მაგიდა და კარადა არ გვაქვს სახლში და ფინანსური პოლიცია დაგვადგა, თან ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, ჩვენ თვითონ ძლივს ვაგნებთ და ამათმა საიდან გაიგეს, სად ვცხოვრობთ, არ ვიცი" - წერს ცხადაძე.





