13 ოქტომბერს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს მოუწოდა, რომ სამხრეთ ლიბანიდან, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, სამშვიდობო ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანონ. მისი თქმით, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება საერთაშორისო ძალებს "ცოცხალ ფარად" იყენებს.
ნეთანიაჰუს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს დროებითი ძალების (UNIFIL) სამხედროების დაშავების შემთხვევები ხშირდება, მათი წინა თხოვნები, ჯარისკაცების გაყვანის შესახებ, არ გაითვალისწინეს.
"დროა გაიყვანოთ UNIFIL-ი ჰეზბოლას სიმაგრეებიდან და საბრძოლო ზონებიდან... ისრაელის თავდაცვის ძალებმა ეს რამდენჯერმე ითხოვა და მიიღო განმეორებითი უარი, რომლის მიზანიც ჰეზბოლას ტერორისტების ცოცხალი ფარით უზრუნველყოფაა. ბატონო გენერალურო მდივანო, გაიყვანეთ UNIFIL-ის ძალების სახიფათო ადგილიდან. ეს ახლავე უნდა მოხდეს, დაუყოვნებლივ. თქვენი უარი, გაიყვანოთ UNIFIL-ის სამხედროები, მათ ჰეზბოლას მძევლებად აქცევს. ეს საფრთხეს უქმნის მათაც და ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლესაც." – მიმართა ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს.
ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებისთვის მიყენებულ დაზიანებებზე წუხს და ყველაფერს აკეთებს, რათა მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს, თუმცა აქვე დაამატა, რომ ამის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა მშვიდობისმყოფელი ძალების "სახიფათო ზონიდან" გაყვანა იქნება.
ნეთანიაჰუს მოწოდება დაგმო ლიბანის პრემიერმინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ.
13 ოქტომბერს UNIFIL-ის ძალებმა გაავრცელეს ცნობა, რომ სამხრეთ ლიბანში მათ ბაზაზე ისრაელის თავდაცვის ძალების ორი ტანკი შევიდა და ობიექტზე განათების გამორთვა მოითხოვეს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების საპასუხო განცხადებაში იყო ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება ორი დაჭრილი სამხედროს ევაკუაციის დროს მიიღეს. IDF-ში ამბობენ, რომ ტანკებს გახსნილი ცეცხლის გამო სხვა გზა არ გააჩნდათ. ამას გარდა, UNIFIL-ის ცნობით, ბაზის მახლობლად ჩამოვარდა საბრძოლო მასალები, რომლებმაც კვამლი გამოყო, რამაც 15 სამშვიდობოს კანის გაღიზიანება და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული რეაქციები გამოიწვია. IDF-ის განცხადების მიხედვით, მათ კვამლი ევაკუაციის ფარგლებში გამოიყენეს, რათა დავალება წარმატებით შეესრულებინათ.
გასულ დღეებში სამხრეთ ლიბანში გახშირდა შემთხვევები, რომელთა შედეგადაც UNIFIL-ის სამშვიდობოები ან ობიექტები მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო დაზიანებას იღებენ. რამდენიმე შემთხვევაში ისრაელი დაადანაშაულეს, ზოგიერთს კი იძიებენ.