დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

UNIFIL-ის თქმით, IDF-ის ორი ტანკი მათ ბაზაზე "ძალით" შევიდა და შუქის გამორთვა მოითხოვა

ლიბანში გაეროს დროებითი ძალების მანქანები, 11 ოქტომბერი, 2024
AFP

გაეროს დროებითმა ძალებმა ლიბანში (UNIFIL) განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 4:30 საათზე ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ტანკები მათ ტერიტორიაზე შევიდნენ და ბაზაზე შუქების გამორთვა მოითხოვეს. UNIFIL-ის თქმით, IDF-ის ტანკებმა ტერიტორია 45 წუთის შემდეგ დატოვეს.

"დაახლოებით დილის 4:30 საათზე, როდესაც მშვიდობისმყოფელები თავშესაფრებში იყვნენ, IDF-ის ორმა მერკავა ტანკმა [UNIFIL-ის] პოზიციის მთავარი ჭიშკარი დაანგრია და პოზიციაზე ძალით შევიდა. მათ რამდენჯერმე მოითხოვეს, რომ ბაზაზე შუქი გათიშულიყო. ტანკები 45 წუთის შემდეგ წავიდნენ მას შემდეგ, რაც UNIFIL-მა საკავშირო მექანიზმის მეშვეობით პროტესტი გამოხატა". - წერია UNIFIL-ის განცხადებაში.

ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისია ასევე აცხადებს, რომ მომხდარიდან ორი საათის შემდეგ ბანაკიდან 100 მეტრის დაშორებით ვაზნები დავარდა, რომლებიდანაც გამოყოფილმა კვამლმა UNIFIL-ის 15 ჯარისკაცში კანის გაღიზიანება და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული რეაქციები გამოიწვია.

UNIFIL-ი ასევე ამბობს, რომ 12 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა მათი ლოჯისტიკური დანიშნულების კოლონა შეაჩერეს და არ გაატარეს.

გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, IDF-ს კომენტარის გაკეთების შესახებ მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია.

მანამდე, 13 ოქტომბერს, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ლიბანის სამხრეთ საზღვართან განლაგებული მშვიდობისმყოფელების გაყვანისკენ მოუწოდა, რათა ისინი ზიანის მიყენებისგან იყვნენ დაცული. ნეთანიაჰუს თქმით, მშვიდობისმყოფელების ყოფნა ჰეზბოლას ტერორისტებს ცოცხალ ფარს აძლევს.

კომენტარები