აფგან სადიგოვი

მეუღლეს შეატყობინეს, რომ აფგან სადიგოვი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს - მიქელაძე

აფგან სადიგოვი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ამ დროისთვის, სადიგოვი ციხის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

"როგორც მოსალოდნელი იყო, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუძლურებული პატიმარი.

არაადამიანურია, რაც ამ პატიოსანი ჟურნალისტის და მისი ოჯახის თავს ხდება. ორივე მთავრობას დანაშაულებრივად აქვს პირი შეკრული ჟურნალისტების ოჯახის წინააღმდეგ და ყველაფერს კადრულობს.

მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ ერთსულოვანი სოლიდარობა ვაჩვენოთ სადიგოვების ოჯახის მიმართ.

ამ საქმეზე უფრო დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით საზოგადოებას და მედიას". - წერს მიქელაძე სოციალურ ქსელში


3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.

4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა

24 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც უჩიოდა.

7 სექტემბერს სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვმა მთავარ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფგან სადიგოვი "ციხეში სათანადოდ ვერ იკვებება და ფაქტობრივად შიმშილობს".

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა საქართველოა, საკუთარ X-ზე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას აფგან სადიგოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

რაუფოღლუ: აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სწრაფად გაათავისუფლონ სადიგოვი

რაუფოღლუს თქმით,  სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უთხრა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას "სწრაფად" გაათავისუფლონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელმაც ქვეყანა თავის ნებით დატოვა და რომელიც გასულ კვირას თბილისში დააკავეს. 

კომენტარები