აფგან სადიგოვი

აფგან სადიგოვს უჭირს გადაადგილება, საუბარი და კონცენტრაცია – უფლებები საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ცნობით, შიმშილობის გამო, თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

"ჩვენი იურისტები აფგან სადიგოვს გლდანის ციხეში 2 და 3 ოქტომბერს შეხვდნენ. სადიგოვის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა თვალშისაცემია, იურისტების შეფასებით, მას უჭირს გადაადგილება, საუბარი და კონცენტრირება. 

ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას უკვე მივმართეთ, რომ აფგან სადიგოვი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება. საქართველოს სახალხო დამცველი ინფორმირებულია აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ". - წერს ორგანიზაცია.

აფგან სადიგოვმა შიმშილობა 21 სექტემბრიდან დაიწყო. მისი ცოლის, სევინჯ სადიგოვის თქმით, ჟურნალისტი თვლის, რომ მას უკანონოდ ექცევიან და მის უფლებებს არღვევენ.

18 სექტემბერს სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა.


3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.

4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა

24 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც უჩიოდა.

7 სექტემბერს სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვმა მთავარ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფგან სადიგოვი "ციხეში სათანადოდ ვერ იკვებება და ფაქტობრივად შიმშილობს".

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა საქართველოა, საკუთარ X-ზე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას აფგან სადიგოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

რაუფოღლუ: აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სწრაფად გაათავისუფლონ სადიგოვი

რაუფოღლუს თქმით,  სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უთხრა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას "სწრაფად" გაათავისუფლონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელმაც ქვეყანა თავის ნებით დატოვა და რომელიც გასულ კვირას თბილისში დააკავეს. 

კომენტარები