თბილისში, აზერბაიჯანში ექსტრადირების მიზნით დაკავებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა - ამის შესახებ სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვმა მთავარ არხთან საუბრისას განაცხადა.
სევინჯ სადიგოვის თქმით, აფგან სადიგოვმა შიმშილობა დღეიდან, 21 სექტემბრიდან დაიწყო, რადგან ჟურნალისტი თვლის, რომ მას უკანონოდ ექცევიან და მის უფლებებს არღვეენ.
"გუშინ შევხვდი მეუღლეს, მაგრამ ძალიან გვიან, რადგან ხელოვნურად აფერხებდნენ ჩემი შეშვების პროცესს. ეს არის დაკვეთილი საქმე, სახელმწიფომ უკანონოდ დააპატიმრა. არც საემიგრაციო სამსახურმა, არც სხვა შესაბამისმა უწყებებმა, არ განიხილეს აფგანის ქეისი, როცა ის აეროპორტში უკანონოდ დააკავეს და თვითმფრინავში ასვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
ჩემმა ქმარმა შიმშილობა დაიწყო დღეიდან, 21 სექტემბრიდან და დღეს შიმშილობის პირველი დღეა - ამ უკიდურეს ზომას მიმართა იმის გამო, რომ მას უკანონოდ ექცევიან და არღვევენ მის უფლებებს.
ამ მომენტისთვის, საემიგრაციო სამსახური უარს ეუბნება ჩემ მეუღლეს, ჩვენ გასაჩივრებას ვგეგმავთ, მაგრამ ამ დრომდე ფორმალურად საჩივრის შედგენის შესაძლებლობას არ გვაძლევენ. საემიგრაციო სამსახური შესაბამის დოკუმენტებს ამ დრომდე არ გვაწვდის.
ბოლოს როცა აზერბაიჯანში ის დააკავეს, ის შიმშილობდა, რის გამოც ინვალიდის ეტლში მოუწია ჩაჯდომა. ახლაც თავს ცუდად გრძნობს, შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და ფატალური შედეგი დადგეს - ამიტომ ვითხოვ მე პოლიტპატიმარი მეუღლის სასწრაფოდ გათავისუფლებას". - თქვა სევინჯ სადიგოვმა [მთავარი არხის თარგმანი].
3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.
4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.
24 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც უჩიოდა.
7 სექტემბერს სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვმა მთავარ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფგან სადიგოვი "ციხეში სათანადოდ ვერ იკვებება და ფაქტობრივად შიმშილობს".
ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა საქართველოა, საკუთარ X-ზე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას აფგან სადიგოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
რაუფოღლუ: აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სწრაფად გაათავისუფლონ სადიგოვი
რაუფოღლუს თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უთხრა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას "სწრაფად" გაათავისუფლონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელმაც ქვეყანა თავის ნებით დატოვა და რომელიც გასულ კვირას თბილისში დააკავეს.





