ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ტერორისტული დაჯგუფების, ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობისთვის შურს იძიებენ და მის გზას ისრაელთან მებრძოლი სხვა ტერორისტები გააგრძელებენ.
გარდა ამისა, აიათოლამ ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ მან სატელევიზიო გამოსვლისას ისაუბრა.
„ნასრალა არ იყო ცალკეული პიროვნება. ის იყო გზა და აზროვნების მოძღვრება და ეს გზა გაგრძელდება. [...] მარტვილის სისხლი შურისძიების გარეშე არ დარჩება“. - თქვა ხამენეიმ.
ამასთან, ირანის საგარეო სამინისტროს სპიკერმა, ნასერ კანაანიმ X-ზე დაწერა, რომ ნასრალას „გზა გაგრძელდება და მისი წმინდა მიზანი იერუსალიმის გათავისუფლებით ასრულდება“.
ცნობისთვის, დღეს, 28 სექტემბერს ისრაელმა საჰაერო იერიშის დროს ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა.
ირანული მედიის ცნობით, ნასრალასთან ერთად იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურის მოადგილე, გენერალი აბას ნილფორუშანიც მოკვდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ნასრალას სიკვდილის დადასტურების შემდეგ აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნის შიგნით უსაფრთხო ლოკაციაზე გადაიყვანეს, სადაც "უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული".
გუშინ, 27 სექტემბერს ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, დაჯგუფების ცენტრი ჰეზბოლას სიმაგრედ ცნობილ დაჰიეს უბანში, სამოქალაქო შენობების ქვეშ იყო გამართული.
როგორც შემდგომში გაირკვა, ბეირუთში ისრაელის დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო.





