ჰასან ნასრალას მკვლელობა

პენტაგონი: აშშ-ს ბეირუთში ისრაელის დარტყმაზე წინასწარი გაფრთხილება არ მიუღია

AFP

პენტაგონის სპიკერმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ-ს არ ჰქონია წინასწარი გაფრთხილება ბეირუთში ისრაელის დარტყმის შესახებ. სპიკერის თქმით, აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მის ისრაელელ კოლეგას, იოავ გალანთს ტელეფონით ესაუბრებოდა მაშინ, როდესაც ისრაელმა იერიში დაიწყო.

"აშშ ამ ოპერაციაში ჩართული არ ყოფილა და ჩვენ წინასწარი გაფრთხილება არ გვქონია". - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა რეპორტიორებთან საუბრისას.

ამასთანავე, სინგს არ დაუკონკრეტებია, თუ რა უთხრა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, გალანთმა ლოიდ ოსტინს ოპერაციის შესახებ.

19 სექტემბერს ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეებზე იერიშების ახალი ტალღა დაიწყო.

IDF-ის ცნობით, ბოლო დღეებში ისრაელმა ჰეზბოლას 1 600-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში. ისრაელის არმიის თქმით, ოპერაციის ფარგლებში ისინი იმ ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობენ, რომელიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2006 წლის ლიბანის ომის შემდეგ ააშენა.

25 სექტემბერს აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა მოკავშირეებმა ჰეზბოლასა და ისრაელს ლიბანი-ისრაელის საზღვართან მყისიერად 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდეს. თუმცა, მოგვიანებით ისრაელმა ჰეზბოლასთან დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების წინადადება უარყო.

კომენტარები