ჰეზბოლა აცხადებს, რომ ჰასან ნასრალას 23 თებერვალს გრანდიოზული დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ ბეირუთის მახლობლად დაკრძალავენ.
ჰეზბოლას ახალი ლიდერის, ნაიმ ყასემის განცხადებით, ნასრალას დაკრძალვის ცერემონია ამ დრომდე არსებული უსაფრთხოების პირობები გამო ვერ ჩატარდა.
ყასემის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამომდინარე ჰეზბოლამ გადაწყვიტა, რომ 23 თებერვალს "დიდი საჯარო დაკრძალვა" მოაწყოს.
აშშ-ს თეთრმა სახლმა 26 იანვარს განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანსა შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 18 თებერვლამდე დარჩება.
"ლიბანსა და ისრაელს შორის შეთანხმება, რომელსაც მონიტორინგს აშშ უწევს, ძალაში 2025 წლის 18 თებერვლამდე დარჩება". - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
"ჩვენ იმედოვნებთ, რომ ეს იქნება დიდი დაკრძალვის მსვლელობა, რომელიც შეეფერება მის დიად პიროვნებას" - აღნიშნა ყასემმა 2 თებერვალს სატელევიზიო გამოსვლისას.
ყასემმა ასევე დაადასტურა, რომ ისრაელის კიდევ ერთი საჰაერო იერიშისას მოკლული ჰაშემ საფიედინი ნასრალას მიერ საკუთარ მემკვიდრედ იყო არჩეული.
ჰეზბოლას ახალი ლიდერის თქმით, საფიედინი გენერალური მდივნის ან ჰეზბოლას ლიდერის სტატუსით დაიკრძალება.
"ჩვენ ავირჩიეთ მისი უმაღლესობა ჰაშემ საფიედინი გენერალურ მდივნად, მაგრამ ის 3 ოქტომბერს მოწამებრივად დაიღუპა, განცხადების გაკეთებამდე ერთი თუ ორი დღით ადრე." - განაცხადა ნაიმ ყასემმა.
ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის განცხადებით, ნასრალას ბეირუთის გარეუბანში დაკრძალავენ: "მიწის იმ მონაკვეთზე, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ ძველი და ახალი აეროპორტების გზებს შორის". ყასემის თქმით, საფიედინი საკუთარ მშობლიურ ქალაქ დეირ ქანუნში დაიკრძალება.
ჰეზბოლასა და ისრაელს შორის კონფლიქტი ღაზის სექტორში ომის პარალელურად მიმდინარეობდა. 1-ელ ოქტომბერს ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომლის სამიზნეც ტერორისტული ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის განადგურება იყო.
ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში 27 სექტემბერს მიიტანა. როგორც როგორც შემდგომში გაირკვა, დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო. იერიშის შედეგად ნასრალა დაიღუპა.
ოქტომბერში დაჯგუფებასთან დაახლოებულმა წყარომ AFP-თან განაცხადა, რომ ნასრალა დროებით საიდუმლო ადგილას იყო დაკრძალული.





