პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ ძლიერ საქართველოსთან მოლაპარაკებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ "მეორე მხარის სიხარბემ პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში". გახარია ამბობს, რომ მან დათმო ნეიტრალური პლატფორმა, რამაც "სიხარბე წაახალისა". მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ნეიტრალურ პლატფორმასთან ერთად, არ დათანხმდა გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ პრინციპს და კოალიციის დაუშვებლობას როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან.
"ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ პრინციპებს, საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით:
1. ნეიტრალური პლატფორმა - ვთვლით, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო
2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი;
3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან;
მე მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს და მამუკა ხაზარაძეს, ეს პროცესი თავად იყო პოზიტიური, რამაც გადახადა შესაძლებელი და გააძლიერა შესაძლებლობა ჩვენი მომავალში თანამშრომლობის. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჟამინდელმა სამწუხარო პროცესმა იმედგაცრუება არ გამოიწვიოს" - განაცხადა გახარიამ.
პარტია საქართველოსთვის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე "ასე ახლოს და მოუმზადებლად", ცესკოს სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე დაწყება, შეცდომა იყო.
"თუმცა, ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზე უარის თქმაც, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი.
მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი მხრიდან ნეიტრალური პლატფორმის საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში" - თქვა მან და აღნიშნავს, რომ ნეიტრალური პლატფორმა ნიშნავს სხვა ნეიტრალურ პარტიას, ორგანიზაციას, ნომერს, რომელიც არ არის არც 25, არც 9, არც ლელო და არც გახარია-საქართველოსთვის.
"ასეთი შესაძლებლობა არის, ასეთი პარტიები არსებობენ... მარტივ მაგალითს გეტყვით, პარტია ლელოს დასახელებაა - ლელო-საქართველოსთვის, ჩვენი დასახელება არის გახარია-საქართველოსთვის, ჩვენ რომ ორი პირველი სიტყვა მოვაშოროთ, ორივე პარტიას ერქმევა საქართველოსთვის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მთავარი მიზანიც გახლავთ ეს, ჩვენ თუ ვსაუბრობთ გაერთიანებაზე და დიდ მიზანზე, როგორიც არის ქვეყანაში ორპოლუსიანობის საბოლოო დაძლევა და რაც მთავარია, ოცნების ისე დამარცხება, რომ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს ნაციონალური მოძრაობა და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობისთვის სამართლიანი, გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და ყველასთვის გასაგები პრინციპები [...]
[...] თუ ლელო დღეს ამბობს, რომ ამ სამ პრინციპზე - ნეიტრალური პლატფორმა, პარიტეტული პრინციპი, და პრინციპი, რომ არ იქნება კოალიცია ამ არჩევნების შემდეგ ოცნებასთან და ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ ნებისმიერ დოკუმენტზე მოვაწერთ ხელს ახლაც თუ გინდათ და ნებისმიერი ფორმის და ნებისმიერი სერიოზულობის თანამშრომლობისთვის ვართ მზად" - ამბობს გახარია.
მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის საარჩევნო ერთობაზე მოლაპარაკებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ შორის, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში.
პარტიამ გახარია-საქართველოსთვის 20 სექტემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ლელოსთან შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, რადგან მეორე მხარემ "შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია."
მალევე, ლელოს წევრებმა თქვეს, რომ ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი იყო და შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზად იყვნენ.
გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ კოალიციის შიგნით კონსენსუსი ვერ შედგა და ამას ძლიერი საქართველოს წევრების - ლევან ცუცქირიძის და ანა დოლიძის განცხადებები ადასტურებს.
"როგორ წარმოგიდგენიათ, ორ სერიოზულ პოლიტიკოსს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, ეს ორი ადამიანი მოლაპარაკებას აწარმოებს და როგორ წარმოგიდგენიათ, ამ დროს გიორგი გახარია თანხმობას აცხადებს რაღაცაზე ხელმოწერაზე, იმ ერთობაზე, რომელსაც საზოგადოება ასე ელოდება და ამ დროს გამოდის ნათია მეზვრიშვილი და ამბობს, რომ წინააღმდეგია მამუკა ხაზარაძესთან და ლელოს გუნდთან რაიმე ტიპის გაერთიანების და ნათია მეზვრიშვილსაც უნდა, რომ იქ მივიდეს და მაგიდასთან დაჯდეს მოლაპარაკების...
ეს [ლევან ცუცქირიძე] არ იყო მარტო ერთი ლიდერი ამ კოალიციის, აქ იყვნენ კიდევ სხვა ლიდერები, თუ არ ვცდები, ქალბატონი დოლიძეც იყო, რომლებმაც ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს. რამდენად სერიოზულად წარმოგიდგენიათ, შემდგომ ბატონი გახარია გამოვიდეს და თქვას, რომ იცით რა, მე მაქვს კონსენსუსი" - თქვა მეზვრიშვილმა.
გიორგი გახარიას პარტიის განცხადებამდე, თავისუფლების მოედნის დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ კოალიცია ოთხი წევრისგან შედგება და მხოლოდ გიორგი გახარიას გადასაწყვეტი არაა, "როდის რას დაესმება წერტილი". მისივე თქმით, "[გაერთიანებამ] თუ არ მოიტანა შედეგი, ამაზე პასუხისმგებლობას კომენტატორები არ აიღებენ, პასუხისმგებლობა დაგვეკისრება ჩვენ... ყველას დაავიწყდება, რომ წერდნენ: ეს უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა, ყველას დაავიწყდება ვინ რას გვირჩევდა, მაგრამ ყველას დაამახსოვრდება, რომ ჩვენი მიღებული გადაწყვეტილება იყო არასწორი". ამასთთან, ცუცქირიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს "სადილისთვის, ორისთვის, სადაც იყო სამუშაო შეხვედრა, მაგრამ ალბათ, კარგი იქნება სადილი ყველასათვის, მოვიდნენ სხვა ადამიანებიც, მოვიდნენ სხვა ჯგუფებიც, დავილაპარაკოთ იმაზე, კიდევ მეტი რა შეიძლება, გაკეთდეს".





