ვენესუელა

ვენესუელის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა

ედმუნდო გონზალესი
Associated Press

ვენესუელის ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა. ინფორმაციას ვენესუელის ვიცეპრეზიდენტი დელსი როდრიგეზი Instagram-ზე ავრცელებს.

როდრიგეზის თქმით, ქვეყანაში "პოლიტიკური სიმშვიდის" აღდგენის მიზნით, "მთავრობამ გონსალესს ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცა".

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა უკვე განაცხადა, რომ მადრიდი გონსალესს პოლიტიკურ თავშესაფარს მიანიჭებს

მანამდე ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი თავს კარაკასში ესპანეთის საელჩოს აფარებდა, ვინაიდან ვენესუელის დიქტატორმა და უკანონო პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ რამდენიმე დღის წინ გონსალესის დაკავების ორდერი გასცა. 

ვენესუელის ოპოზიციამ 2 აგვისტოს გამოაქვეყნა ხმის მიცემის 23,000 აპარატიდან ამოღებული ქვითრები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ოპოზიციის კანდიდატმა ხმათა 80%-ზე მეტი მოიპოვა ხოლო როგორც გამოცემა Washington Post წერს, გონსალესის დაკავების ორდერი ვენესუელის ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული  სწორედ ამ მასალის შესახებ დაწყებული გამოძიების ნაწილია. 


ცნობისთვის, 29 ივლისს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციათა ტალღა მოჰყვა.

არჩევნების შედეგებს ცივილიზებული სამყაროს არცერთი ქვეყანა არ ცნობს, მათ შორის, აშშ, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულად სწორედ ედმუნდო გონსალესს აღიარებს. შედეგებს აღიარებს მადუროს რეჟიმის მხარდამჭერი ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ. 

მიუხედავად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდებებისა, ავტოკრატის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო კომისია ოფიციალურ შედებს უბნის დონეზე დღემდე არ ასაჯაროებს. 

მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მისი პარტია, ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო. 

2018 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელიც მადურომ მოიგო და ვენესუელას პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ აღიარა. 

კომენტარები