ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ქვეყანაში მის მიერ კიდევ ერთხელ გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და უკანონოდ გამარჯვების გამო შექმნილ დაძაბულობის ფონზე, შობა 1-ელ ოქტომბერს გადმოიტანა. ამის შესახებ დიქტატორმა ვენესუელელებს პირდაპირ ეთერში აუწყა და თქვა, რომ მიმდინარე წელს საშობაო ღონისძიებები დეკემბრის მაგივრად ოქტომბერში გაიმართება.
"სექტემბერია და ჰაერში შობა უკვე იგრძნობა. ამიტომ წელს - თქვენდამი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად - შობას 1-ელ ოქტომბერს გადმოვიტან!" - პირდაპირ ეთერში მიმართა მოსახლეობას დიქტატორმა.
მადურო ვენესუელელებს "მშვიდობის, ბედნიერებისა და უსაფრთხოების" შობას დაჰპირდა.
ცნობისთვის, 29 ივლისს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციათა ტალღა მოჰყვა.
- ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა
-
მადუროს 51%-იანი გამარჯვების გამოცხადების შემდეგ ვენესუელაში მასშტაბური აქციები დაიწყო
ვენესუელის ოპოზიციამ 2 აგვისტოს გამოაქვეყნა ხმის მიცემის 23,000 აპარატიდან ამოღებული ქვითრები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ოპოზიციის კანდიდატმა ხმათა 80%-ზე მეტი მოიპოვა. ამის გამო, მადუროს რეჟიმის სასამართლომ ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერიც გასცა.
ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ცივილიზებული სამყაროს არცერთი ქვეყანა არ ცნობს, მათ შორის, აშშ, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულად სწორედ ედმუნდო გონსალესს აღიარებს. შედეგებს აღიარებს მადუროს რეჟიმის მხარდამჭერი ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ.
- აშშ-მ ვენესუელას არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესი აღიარა
-
ევროკავშირი ნიკოლას მადუროს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად არ აღიარებს
მიუხედავად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდებებისა, ავტოკრატის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო კომისია ოფიციალურ შედებს უბნის დონეზე დღემდე არ ასაჯაროებს.
მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მისი პარტია, ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო.
2018 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელიც მადურომ მოიგო და ვენესუელას პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ აღიარა.