თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან ქეთევან მაქარაშვილის გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
სამართლიანი არჩევნების ცნობით, ქეთევან მაქარაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ასისტენტის პოზიციას 2020 წლის 10 სექტემბრიდან იკავებდა. 2022 წლის 12 აპრილს მაქარაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პარალულურად მუზეუმში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. დავის ფარგლებში, მაქარაშვილის მოთხოვნა იყო ხელშეკრულების უვადოდ ცნობა და გათავისუფლების ბათილობა, ასევე, მოპასუხისთვის განაცდურის და კომპენსაციის დაკისრება.
"მუზეუმს მაქარაშვილთან ერთ წელზე ნაკლები ვადით რამდენიმე ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი იმპერატიულად განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის ვადასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის შეცვლა, მხარეთა შეთანხმებითაც კი, დაუშვებელია. შრომის კოდექსი, ასევე, იმპერატიულად მიუთითებს, რა წინაპირობების არსებობისას არის შესაძლებელი ერთ წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების დადება, რაც მოპასუხემ ვერ დაასაბუთა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქეთევან მაქარაშვილსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა და ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მაქარაშვილის გათავისუფლება უკანონო იყო.
მოპასუხის განმარტებით, მაქარაშვილისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ მათ შორის არსებული შრომითი ურთიერთობა იყო ვადით განსაზღვრული, რასაც იგი ადასტურებდა შრომითი ურთიერთობის წარმოშობის და გაგრძელების მიზნით დადებულ ხელშეკრულებაზე, შეთანხმებასა და ბრძანებაზე ხელმოწერით. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ ვადიანი ხელშეკრულების დადებისთვის არსებობდა ობიექტური გარემოება, რაც გამოწვეული იყო პანდემიით.
სასამართლომ, ასევე, სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ქეთევან მაქარაშვილის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა შრომითი ანაზღაურების გადახდა 2022 წლის 13 აპრილიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო დავის პერიოდში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაცია განხორციელდა, რის შედეგადაც, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ასისტენტის პოზიცია გაუქმდა. ამის გამო, ქეთევან მაქარაშვილის სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ მოთხოვნილი იყო კომპენსაცია ერთი წლის შრომის ანაზღაურების ოდენობით. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა და დამსაქმებელს სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ დააკისრა კომპენსაციის გადახდა" - აცხადებს სამართლიანი არჩევნები.
კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაკავებული პოზიციებიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული არაერთი დაწესებულების ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.
კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში პირველი დავა ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემ მოიგო. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, გუგა გოგაძის სარჩელი. ორივე შემთხვევაში ბათილად იცნო გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეებს დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. ამასთან, 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ყოფილი თანამშრომლის, ირმა მანაგაძის გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო და კულტურის სამინისტროს მისთვის კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.
მიმდინარე წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ჩამოქვეითება უკანონოდ ცნო. 31 ივლისს წულუკიანს სასამართლო დავა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო.





