კულტურის სამინისტრო

წულუკიანი: რუსუდან გლურჯიძის ფილმი შუა ევროპაში გახდა ცენზურის მსხვერპლი

თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით, ვენეციის სასამართლომ რეჟისორ რუსუდან გლურჯიძეს ნება დართო, თავისი ფილმის ჩვენება ვენეციის ფესტივალზე გააგრძელოს. ამის შესახებ წულუკიანმა TV იმედზე ილაპარაკა.

"მინდა გამოვეხმაურო ვენეციის ფესტივალს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და ყველას მოგილოცოთ ორი, ძალიან მაღალი დონის ქართველი რეჟისორი ქალის წარდგენა. ესენი არიან დეა კულუმბეგაშვილი და რუსუდან გლურჯიძე. ქალბატონ რუსუდანს სირთულეები შეხვდა ვენეციაში, შუაგულ ევროპაში მისი ფილმი ცენზურის მსხვერპლი გახდა, თემატიკიდან გამომდინარე. დღეს მოსალოცი ამბავი შევიტყვეთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს, ასევე პირველ რიგში ჩვენი კინოცენტრის, ევროპელ რეჟისორთა ასოციაციის და სხვა ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით, ვენეციის სასამართლომ თავისი უსამართლო გადაწყვეტილება უკან წაიღო და ქალბატონ რუსუდანს დართო ნება, გააგრძელოს თავისი ფილმის ჩვენება ვენეციის ფესტივალზე.

მე ორივე ქალბატონს მინდა, ვუსურვო დიდი წარმატება. ამ ბოლო ფილმში [ანტიკვარი] ქართული სახელმწიფოს წვლილი არის დიდი. ქალბატონი დეას შემთხვევაში, რომელიც მართლაც თვითნაბადი ნიჭია, ჩვენი როლი არ იყო, მაგრამ ის ქართველია, ქართველი ქალი რეჟისორია, ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის იღწვის და მინდა, მასაც დიდი წარმატება ვუსურვო“, - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

ვენეციის კინოფესტივალზე რუსუდან გლურჯიძის ფილმის The antique-ს ჩვენება საავტორო უფლებების შესახებ დავის გამო რამდენიმე დღის წინ შეჩერდა. შემადგენლობიდან მოიხსნა როგორც 28 აგვისტოს პრესისათვის დაგეგმილი ჩვენებები, ისე 30 აგვისტოსა და 6 სექტემბრის საჯარო ჩვენებები.

სურათი ჩვენებიდან ვენეციის სასამართლოს საგანგებო განკარგულების საფუძველზე მოიხსნა.

Giornate degli Autori-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს ბრძანებით ფილმის ჩვენება არ იკრძალება, მაგრამ ბიენალესთან შეთანხმებით "ანტიკვარის" ჩვენება "ამჟამად" შეჩერებულია.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, კანონის დაცვით, მაგრამ ისე, რომ კინორეჟისორის გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, რათა მხარი დავუჭიროთ თავად ნაწარმოების არსებობას და უახლოეს დღეებში ვენეციაში მის ხილვადობას". - წერია განცხადებაში. 

"ანტიკვარი" 2006 წელს რუსეთიდან ათასობით ქართველის დეპორტაციას ასახავს. მთავარ როლებს სალომე დემურია, სერგეი დრეიდენი და ვლადიმირ ვდოვინჩეკოვი ასრულებენ. 

რუსუდან გლურჯიძე ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია, გადაღებული აქვს ფილმები "ნოქტიურნი", "ოსკარი", "სხვისი სახლი".

გლურჯიძის სადებიუტო ფილმმა House Of Others კარლოვი ვარის 2016 წლის კონკურსში გრან პრი მიიღო და წარდგენილი იყო ოსკარის 89-ე დაჯილდოებაზე.

როგორც რეჟისორი "ანტიკვარზე" აღნიშნავს: "ინსპირირებული იყო რეალური მოვლენებით, რომლებმაც დიდი უბედურება გამოიწვია ჩემი ქვეყნისთვისაც და პირადად ჩემთვისაც. ეს სასტიკი დეპორტაციის კამპანია მიმართული იყო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს იყო ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების შედეგი. პირველ დღეებში 2680 ქართველი გააძევეს".

ცნობისთვის, რუსუდან გლურჯიძე 2023 წელს კინოცენტრის წინააღმდეგ პროტესტს, კინემატოგრაფისტების ბოიკოტს არ შეუერთდა. 

ეროვნული კინოცენტრის ადმინისტრაციამ გლურჯიძე ერთ-ერთი კონკურსის ჟიურის წევრად დანიშნა. ჟიურის სხვა წევრებს შორის იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდრავა და POSTV-ის პროპაგანდისტი ბაჩო ოდიშარია.

კომენტარები