საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სასამართლო დავა კიდევ ერთმა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო.
საიას ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მუზეუმის მხრიდან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ცნო და მოპასუხეს მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" ყოფილი თანამშრომლის სარჩელი. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე - სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას.
გადაწყვეტილების თანახმად, "საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა", განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე განხორციელდა რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიასთან გასაუბრება, თუმცა კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია. საბოლოოდ კი, განთავისუფლების მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა". - ნათქვამია საიას განცხადებაში.
კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაკავებული პოზიციებიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული არაერთი დაწესებულების ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.
კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში პირველი დავა ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემ მოიგო. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, გუგა გოგაძის სარჩელი. ორივე შემთხვევაში ბათილად იცნო გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეებს დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. ამასთან, 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ყოფილი თანამშრომლის, ირმა მანაგაძის გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო და კულტურის სამინისტროს მისთვის კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.
მიმდინარე წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ჩამოქვეითება უკანონოდ ცნო.