შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

თურქეთმა შვედეთის NATO-ში მიღების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა

AP Photo/Ali Unal

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში მიღების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას ხმა 287-მა დეპუტატმა მისცა, 55 წინააღმდეგ წავიდა, 4-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

რატიფიკაცია ძალაში დოკუმენტის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ შევა. მოსალოდნელია, რომ ეს პროცედურა მალევე დასრულდება.

"დღეს ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით NATO-ს სრულუფლებიან წევრობას". - წერს X-ზე შვედეთის პრემიერმინისტრი, ულფ კრისტერსონი.

რატიფიცირებას მიესალმა თურქეთში აშშ-ს ელჩი, ჯეფ ფლეიკიც და პარლამენტის გადაწყვეტილებას შვედეთისთვის, თურქეთისთვის და NATO-სთვის "დიდებული ნაბიჯი" უწოდა.

თურქეთი შვედეთის ალიანსში მიღების პროცესს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აჭიანურებდა. ის სტოკჰოლმს ზედმეტ ლმობიერებაში ადანაშაულებდა იმ ჯგუფების მიმართ, რომლებსაც ანკარა საფრთხედ განიხილავს და უფრო მკაცრი პოზიციების დაჭერას მოითხოვდა, მათ შორის, ქურთებისა და იმ ქსელის წევრების მიმართ, რომლებსაც 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში ედებათ ბრალი.

საბოლოოდ, მოლაპარაკებების შემდეგ, 10 ივლისს, NATO-ს ვილნიუსში გამართულ სამიტამდე ერდოღანი შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა და 23 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა სკანდინავიური ქვეყნის NATO-ში მიღების პროტოკოლი რატიფიკაციისთვის პარლამენტს გაუგზავნა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე პროცესი კიდევ რამდენიმე თვით გაიწელა.

იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს, პროცესს მხარი ბლოკის 31-ივე წევრმა უნდა დაუჭიროს. თურქეთის მიერ მიღების პროტოკოლის რატიფიკაციის შემდეგ, წევრობამდე გზაზე შვედეთს დაბრკოლების სახით მხოლოდ უნგრეთი რჩება.

აღსანიშნავია, რომ 23 იანვარს უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა შვედი კოლეგა ულფ კრისტერსონი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მიზნით ბუდაპეშტში მიიწვია.

კომენტარები