გამოსახლება

შედგა შეთანხმება, პირობების სანაცვლოდ დაუბრუნებს ქონებას კეკელიძეზე  – დვალის ადვოკატი

ტაბულა

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინასთან დაკავშირებით დარეჯან დვალის ადვოკატმა, გიორგი სუხიტაშვილმა იმედის ეთერში თქვა, რომ რამდენიმე საათის წინ მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმება შედგა. დარეჯან დვალი გარკვეული პირობებით მზად არის აღნიშნული ქონება დაუბრუნოს მარინა ხატიაშვილს. 

ადვოკატის თქმით, ისინი აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღსრულების პოლიციის ჩართულობით დაუკავშირდნენ მარინა ხატიაშვილს და მასთან შეთანხმებას მიაღწიეს. 

"ჩვენ შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, ე.წ მორიგება, გარკვეული პირობების სანაცვლოდ, ქალბატონი დარეჯან დვალი კვლავ იჩენს კეთილ ნებას. ის თანახმა არის რომ თანხის გადახდის შემთხვევაში, ამ თანხაზე ჩვენ შეთანხმებული ვართ, ეს არის 90 ათასი აშშ დოლარი, ერთი თვის ვადაში თუკი გადაიხდის ეს ქალბატონი აღნიშნულ თანხას, ქალბატონი დვალი დაუბრუნებს მას მოცემულ ქონებას კეკელიძის ქუჩაზე. მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით თუკი ეს ანგაჟირებული ჯგუფები, აგრესიული ჯგუფები, რომლებიც მასმედიაში, ტელეკომპანიებში, სოციალურ ქსელებში, პირად მიმოწერებში, შანტაჟი, მუქარა, ცილის წამება, შეურაცხყოფა, აბსოლუტურად გაუმართლებელი მეთოდებით ცდილობენ, რომ ზეწოლა მოახდინონ დარეჯან დვალზე, თუ კი ისინი, ეს ჯგუფები შეწყვეტენ აი ამ მოქმედებებს მის წინააღმდეგ".- თქვა ადვოკატმა, გიორგი სუხიტაშვილმა. 

ადვოკატის თქმით მეორე პირობა არის ის, რომ მარინა ხატიაშვილმა და მისმა მხარდაჭერებმა უნდა მისცენ დარეჯან დვალს უფლება, რომ ერთი თვის განმავლობაში ისარგებლოს აღნიშნული ქონებით.

"ორივე მხარე შეთანხმდა წერილობით მოცემულ პირობაზე. შეთანხმება შემდგარი არის ჩვენი, აღსრულების ბიუროსა და ქალბატონი მარინა ხატეიშვილის მონაწილეობით".- თქვა დარეჯან დვალის ადვოკატმა. 

23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე N1-ში, აღსრულების ბიურომ გადაუხდელი სესხის გამო ხატიაშვილების ოჯახი გაასახლა. 

კომენტარები