გამოსახლება

ჩერგოლეიშვილი: დამატებითი საფინანსო რეგულაციები სესხს კიდევ უფრო გააძვირებს

თამარ ჩერგოლეიშვილი ევროპული საქართველოს კონფერენციაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, დამატებითი საფინანსო რეგულაციებით ადამიანებს კიდევ უფრო მეტად შეეზღუდებათ ბანკებში სესხის აღება. მან ტელეკომპანია პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ჩართვისას აღნიშნა, რომ ეს სესხის აღების პროცესს იატაკქვეშეთში გადაიტანს და სესხს კიდევ უფრო გააძვირებს, რაც ყველაზე გაჭირვებულ ფენას დაარტყამს.

"ძალიან მძიმეა ადამიანის გამოსახლება, მითუმეტეს როდესაც ამაში ბავშვიც მონაწილეობს, როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. ამ ყველაფერს აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ობიექტური მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ვართ რუსეთის მეზობელი, ჩვენ არ გვაქვს უსაფრთხოება, ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, ჩვენს ქვეყანაში ფულის დაკარგვის რისკი მაღალია, ჩვენ არ გვაქვს დემოკრატია, ჩვენთან არ არის პოლიტიკური სტაბილურობა, ჩვენ არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო, შესაბამისად ჩვენთან ფული ღირს ძვირი. ეს არის ობიექტური მიზეზები და მოცემულობა, რომლის დასაძლევად ყველა ნორმალურმა მთავრობამ უნდა იაროს, მაგრამ ჩვენ გყავს პოპულისტი მთავრობა, რომელიც თავისივე დაპირებების მძევლად იქცა და თავისი აბსურდული და უტოპიური დაპირებების შეუსრულებლობის გადაფარვის მიზნით მიიღო ისეთი საფინანსო რეგულაციები, რომელმაც გაჭირვებულ ხალხს შეუზღუდა შედარებით იაფ (თუმცა ისიც ძვირია) სესხებთან წვდომა. ღარიბი ადამიანი იძულებულია იქით [კერძო მსესხებელთან] გადავიდეს, რაც მეტ რეგულაციას შემოიღებენ და რაც მეტად შეეზღუდებათ ადამიანებს ბანკებში სესხის აღება, ეს ყველაფერი მით უფრო იატაკქვეშეთში წავა, მით უფრო გაძვირდება და ეს ყველაზე გაჭირვებულ ფენას დაარტყამს". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ამავდროულად, ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, ადამიანის მოთხოვნილებას ფულზე რეგულაციებით ვერ გააჩერებ და ეს მოთხოვნილება, შეიძლება, დოვლათის გაზრდით და შექმნით დააკმაყოფილო.

"კერძო მევახშეობა აკრძალულია ისედაც და იცით რას აკეთებენ? უფორმებენ ბინებს, შეიძლება, 200 000 ლარიანი ბინა გადაუფორმოს იმიტომ, რომ 50 000 ლარი ჭირდება და ეგ უნდა ისესხოს. ამის შედეგად გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვარდება მსესხებელი, რადგან თუ ფულს ვერ აბრუნებს, ბინა უკვე იმისია, ვინც ასესხა. ამას ვერ აკრძალავს. ადამიანის მოთხოვნილებას ფულზე რეგულაციებით ვერ გააჩერებ, ადამიანი მოთხოვნილება ფულზე შეიძლება დოვლათის გაზრდით დააკმაყოფილო – ქვეყანაში დოვლათი გაიზარდოს, ეკონომიკურ რესურსზე, ფულად რესურსზე და შედარებით იაფ ფულზე ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეთ და ამის შედეგად ქმნიდნენ დოვლათს, ასაქმებდნენ სხვა ადამიანებს, რომლებსაც შეეძლებათ მერე უკვე ბანკში სესხის აღება. ეს არის კეთილი განზრახვებით მოფენილი გზა, რომელმაც ჯოჯოხეთში მოგვიყვანა. რაც მეტი რეგულაცია შემოგაქვს, მით მეტად ძვირდება ფული, ეს არის აქსიომა". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.


23 იანვარს, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გასახლების პროცესში 20 პირი დააკავეს. კეკელიძის  N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა. მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო.

მომდევნო დღეს კი ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ნანახი "მძიმე სურათიდან" გამომდინარე, ქართული ოცნება კანონმდებლობასა და რეგულაციებს "პროცესთან მიმართებაში ადაპტაციას გაუკეთებს".

კომენტარები