თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება

RFE/RL

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა - მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად დრო 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე ექნებათ. შესაბამისად, კლინიკაში რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მიიღეს.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის პერსონალთან პირდაპირი კომუნიკაცია გრძელდება. "სამედიცინო ჰოლდინგის" ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, შეხვედრები, 5 მარტამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება". - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.


თბილისის რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის საჭიროება განსახილველ საკითხად გასულ წელს იქცა. 2023 წლის 21 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილი მისწერეს. თანამშრომლები წერდნენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა და მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით შეცვლა დააანონსა.

ირაკლი ღარიბაშვილმა წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილი მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას უახლოეს მომავლში წარადგენდა და კლინიკის არცერთი თანამშრომელი სამსახურისა და კუთვნილი ხელფასის გარეშე არ დარჩებოდა.

მიმდინარე წლის 22 იანვარს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შენობის დემონტაჟისა და მის ბაზაზე ახალი მრავალპროფილური კლინიკის მოწყობის გადაწყვეტილება ღარიბაშვილმა გახდა ცნობილი. ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს თანამშრომლებს შეთავაზებების პაკეტიც წარუდგინა.

დემონტაჟის გადაწყვეტილებას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.

კომენტარები