რესპუბლიკური საავადმყოფო

პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონი ლარია - აზარაშვილი ახალი კლინიკის მშენებლობაზე

მთავრობის ადმინისტრაცია

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შემდეგ, ახალი კლინიკის აშენების, აღჭურვისა და რემონტის ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონი იქნება.

"პროექტის ბიუჯეტი - აღჭურვა, აშენება, რემონტის ჩათვლით იქნება დაახლოებით 200 მილიონი ლარი, ამ თანხის ნაწილი მობილიზებული იქნება ჩვენი არსებული სახსრებით, ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საჭიროების შემთხვევაში დონორები მზად არიან ჩაერთონ როგორც აღჭურვის, ასევე მშენებლობის ნაწილში, თუ ამის საჭიროება იქნება. ჯერჯერობით ამის საჭიროება ჩვენი ქეშფლოუს მიხედვით არ იკვეთება".- თქვა აზარაშვილმა. 

ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის თანამშრომლებზეც ისაუბრა, მისი თქმით შეთავაზებები მოაზრებს როგორც კომპენსაციას, ისე დასაქმების შესაძლებლობებს. 

"მათ დღეს უკვე ჩვენი სამინისტროდან თანამშრომლები გააცნობენ კონკრეტულ შეთავაზებებს. აქ არის სხვადასხვა შეთავაზება, რომელიც მოიაზრებს ერთიანად 12 თვის კომპენსაციის გადახდას სურვილის შემთხვევაში, ან დასაქმებას მინიმუმ იგივე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და აქაც 4-თვიანი კომპენსაციის გადახდას, ან თუ სურვილი არ ექნება თანამშრომელს და უნდა, რომ დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ჩვენ ბოლო სამი თვის საშუალოს შემოსავლის მიხედვით მომდევნო 3 წლის განმავლობაში სანამ თანამშრომელი არ დაიწყებს სადმე მუშაობას, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. ვფიქრობ, რომ ეს შეთავაზებული პირობები არის საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტო და ვფიქრობ, ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ."- თქვა აზარაშვილმა. 

22 იანვარს ცნობილი გახდა,მთავრობამ საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო, ძველი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე კი ახალი საავადმყოფო აშენდება - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.


თბილისის რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის საჭიროება განსახილველ საკითხად გასულ წელს იქცა. 21 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილი მისწერეს. თანამშრომლები წერდნენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა და მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით შეცვლა დააანონსა.

ირაკლი ღარიბაშვილმა წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში აღნიშნა, რომ ზურამ აზარაშვილი მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას უახლოეს მომავლში წარადგენდა და კლინიკის არცერთი თანამშრომელი სამსახურისა და კუთვნილი ხელფასის გარეშე არ დარჩებოდა.

კომენტარები