თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

ჯანდაცვა: რესპუბლიკურის 250-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია

რესპუბლიკური საავადმყოფო
ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს 250-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. ამასთან, უწყების ცნობითვე, აქტიურად მიმდინარეობს შენობის ფასადის დემონტაჟიც. 

"პარალელურად, აქტიურად გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მწვავე ავარიულია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს.

კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.

ჯანდაცვის სამინისტრომ 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან აწარმოა მოლაპარაკებები, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ალტერნატიული დასაქმების შეთავაზებები აქვთ.

შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:

• ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.

• თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.

• სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.

• სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის" - წერია ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თბილისის რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის საჭიროება განსახილველ საკითხად გასულ წელს იქცა. 2023 წლის 21 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილი მისწერეს. თანამშრომლები წერდნენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა და მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით შეცვლა დააანონსა.

ირაკლი ღარიბაშვილმა წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილი მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას უახლოეს მომავლში წარადგენდა და კლინიკის არცერთი თანამშრომელი სამსახურისა და კუთვნილი ხელფასის გარეშე არ დარჩებოდა.

მიმდინარე წლის 22 იანვარს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შენობის დემონტაჟისა და მის ბაზაზე ახალი მრავალპროფილური კლინიკის მოწყობის გადაწყვეტილება ღარიბაშვილმა გახდა ცნობილი. ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს თანამშრომლებს შეთავაზებების პაკეტიც წარუდგინა.

დემონტაჟის გადაწყვეტილებას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.

კომენტარები