ალტ-ინფო

ევროკავშირის დროშის დაწვის გამო დაკავებული ალტ-ინფოს წევრები გაათავისუფლეს

თბილისის მერიასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო დაკავებული პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები, ირაკლი მარტინენკო და ზურაბ მახარაზე გაათავისუფლეს. მათგან ერთი პირი დააჯარიმეს, ხოლო მეორის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

"თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე, დაჯარიმებულია 1 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე პირის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება 174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას. ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში". - ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ალტ-ინფომ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ხსნიან და წვავენ მახარაძე და მარტინენკო თბილისის მერიასთან აღმართულ ევროკავშირის დროშას. აღნიშნული პირები ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციის თანამშრომლებმა დაახლოებით ერთ საათში დააკავეს.

ზურაბ მახარაძის თქმით, ეს იყო პროტესტი ორი დღის წინ, მცხეთის გამგეობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვის გამო ერთ პირისთვის პატიმრობის შეფარდების წინააღმდეგ. 

კომენტარები