ალტ-ინფო

თბილისის მერიაზე აღმართული დროშის დაწვის გამო პოლიციამ ალტ-ინფოს წევრები დააკავა

პუტინისტური ძალადობრივმა ალტ-ინფომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მისმა წევრებმა, ზურაბ მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ თბილისის მერიასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და შენობის წინ დაწვეს. 

დაახლოებით ერთ საათში კი ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და აღნიშნული პირები დააკავეს. 

ზურაბ მახარაძის თქმით, ეს არის პროტესტი ორი დღის წინ, მცხეთის გამგეობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვის გამო ერთ პირისთვის პატიმრობის შეფარდების წინააღმდეგ. 

20 დეკემბერს, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით პროკურატურამ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, მოქალაქე ლაშა შარუხიამ მცხეთის ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ლაშა შარუხიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. 

მალევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელმა: მღვდელმა გენადი გოგილაშვილმა, მღვდელმა იაკობ მესტვირიშვილმა და დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა ვიდეო გაავრცელეს, სადაც მცხეთის გამგეობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვისთვის დაკავებულს სოლიდარობას გამოუცხადეს.

 

კომენტარები