პუტინისტური მედია ალტ-ინფო მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ მათ არხის ბოლო ეთერში ისაუბრეს.
არხის თანადამფუძნებელი, შოთა მარტინენკო გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნებში მარცხს უკავშირებს, რომელსაც არ ელოდნენ.
"ფაქტი ის არის, რომ ჩვენ უბნებზე გვყავდა დამკვირვებლები [...] და ჩვენივე დაკვირვებით ვნახეთ, რამდენი ხმა ავიღეთ. ეს ვნახეთ და ჩვენ არჩევნებამდე მივედით ისე, რომ სასწორზე შევდეთ ყველაფერი, რაც გვქონდა, ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა და უკან დასახევი გზა მოვიჭერით თავიდან ბოლომდე. აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მარცხი ჩვენთვის არის ძალიან მძიმე. ძალიან სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის ეს მარცხი იმიტომ, რომ ჩვენ არ ველოდით ამ შედეგს და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, მაგრამ მაინც ეს შედეგი დადგა". - თქვა მარტინენკომ.
ამასთან, ალტ-ინფოს ლიდერები მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ასევე ფინანსური პრობლემებით ხსნიან .
"პირველ რიგში ცხადია, რაც აქედანვე სათქმელია და მე მინდა, ეს ღიად დავაფიქსირო, ჩვენი ტელევიზია ამ ფორმატით ვერ გააგრძელებს მუშაობას. [...] თქვენ იცით, თავიდან ბოლომდე ჩვენი ტელევიზია იყო თქვენი დახმარებით, თქვენი ფინანსების დახმარებით, პირველი თეთრიდან ბოლო თეთრამდე. ზოგადად ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა არსებობს და არსებობდა ჩვეულებრივი ხალხის, ჩვენი მაყურებლის, თანამებრძოლის შემოწირულებებით და სახსრებით. ცხადია, ჩვენ ვერ ვეტყვით და ვერ მოვუწოდებთ ჩვენს მაყურებლებს და თანამებრძოლებს რომ მუდმივ რეჟიმში შეინახონ ამხელა ტელევიზია, ეს ძალიან რთულია და სუფთა ფინანსურად, რესურსებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია. ამიტომ, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული რეორგანიზაცია და მაუწყებლობის შეცვლა". - თქვა გიორგი ქარდავამ.
ალტ-ინფოს თქმით, ჯერჯერობით ზუსტად არ იციან, რა ფორმით გააგრძელებენ მაუწყებლობასა და პოლიტიკურ აქტივობას.
"მომავალში რანაირი ფორმით დავუბრუნდებით ჩვენს მაყურებელს და როგორ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას, ცხადია, ამაზე ჯერ მზა პასუხი არა გვაქვს იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ განვმეორდები, უამრავი საკითხი გვაქვს თავიდან გასავლელი, გასაანალიზებელი". - თქვა გიორგი ქარდავამ.
შეგახსენებთ, რომ ალტ-ინფომ არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან ერთად მიიღო.
ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 2.436% აიღო. დათვლილია ხმების 99.968%.
16 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო ხაზინამ "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა