ალტ-ინფო

ალტ-ინფო არჩევნებში მონაწილეობას პატრიოტთა ალიანსის დახმარებით აპირებს

პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრმა, ზურაბ მახარაძემ თქვა, რომ ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის პრორუსულ პარტია პატრიოტთა ალიანსთან შეთანხმება მიღწეულია და ისინი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ერთად აპირებენ.

"ერთადერთი შანსი, როგორ შეგვეძლო ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა არჩევნებში, იყო პარტია, რომლის გაუქმებაც მათ არ შეუძლიათ. ერთადერთი პარტია კონსერვატიულ ფლანგზე, რომელთანაც იდეოლოგიურად არის თანხვედრა და რომლის დაბლოკვაც არ გამოდის, ეგ არის პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ახლაც არის საპარლამენტო პარტია, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა. იურიდიულად ეს საპარლამენტო პარტიაა და მას არაფრის შეგროვება და ხელმოწერები და არაფერი არ სჭირდება, უკვე იღებს მონაწილეობას არჩევნებში და მისი დაბლოკვაც შეუძლებელია." – თქვა მახარაძემ.

მახარაძის თქმით, ხანგრძლივი მოლაპარაკებები ჰქონდათ პატრიოტთა ალიანსთან და აღნიშნა, რომ მათი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. მისივე თქმით, აპირებენ, რომ შემოიერთონ სხვა "კონსერვატორებიც".

"ჩვენსა და მათ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია... დეტალებზე მიდის მუშაობა." – თქვა მახარაძემ.

მახარაძე პირობას დებს, რომ მისი მოძრაობა არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. აქამდე, 8 აპრილს საჯარო რეესტრმა ალტ-ინფოს პარტიას, კონსერვატიულ მოძრაობას რეგისტრაცია გაუუქმა.

 

კომენტარები