სამხრეთ ამერიკა

მადურომ მეზობელი გაიანის ესეკიბოს რეგიონში საბადოების ექსპლუატაციის ბრძანება გასცა

ნიკოლას მადურო
Reuters

5 დეკემბერს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ კომპანიებს უბრძანა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ გაიანას ესეკიბოს რეგიონის შესწავლა და ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სხვა საბადოების ექსპლუატაცია.

მადუროს თქმით, იგი გადაუდებლად დაიწყებს შესწავლისა და ექსპლუატაციისთვის კომპანიებზე ლიცენზიების გაცემას, რათა ესეკიბოს რეგიონში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება დაიწყოს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აპირებს მადუროს ადმინისტრაცია ესეკიბოს ტერიტორიაზე იურისდიქციის დამყარებას. უკვე ერთი საუკუნეა, რაც აღნიშნული რეგიონი გაიანას, მანამდე კი ბრიტანული გაიანას, კონტროლის ქვეშაა.

3 დეკემბერს ვენესუელის მოქალაქეებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადუროს მოთხოვნით ჩატარებულ რეფერენდუმში მეზობელი გაიანას ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას მხარი დაუჭირეს.

რეფერენდუმში ვენესუელელებს ჰკითხეს, ემხრობიან თუ არა ისინი ესეკიბოს სადავო ტერიტორიაზე გაიანას ესეკიბოს შტატის ჩამოყალიბებას და შემდგომ აღნიშნული შტატის ვენესუელასთან შემოერთებას, ხოლო იქაური მოსახლეობისთვის ვენესუელის მოქალაქეობის მიცემას. ამასთანავე, რეფერენდუმით ვენესუელის მოქალაქეებმა ორ ქვეყანას შორის დავაზე გაეროს უმაღლესი სასამართლოს იურისდიქცია უარყვეს. 

კომენტარები