სამხრეთ ამერიკა

მადურომ ესეკიბოს ანექსიის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა

ნიკოლას მადურო
Reuters

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხელი მოაწერა ექვს განკარგულებას გაიანას ნავთობით მდიდარი რეგიონის ესეკიბოს ანექსიის შესახებ. ამის შესახებ ვენესუელური გამოცემა Ultimas Noticias წერს.

გარდა ამისა, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა ვენესუელას ახალი რუკის რატიფიცირება და ქვეყნის 24-ე შტატად გამოცხადებული რეგიონის, გაიანა-ესეკიბოს ხელმძღვანელი დაინიშნა. 

ანექსიის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ვენესუელაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე: ოფიციალური მონაცემებით, კენჭისყრის მონაწილეთა 95%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა ესეკიბოს ანექსიას. რეფერენდუმის შედეგები ვენესუელის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გამოუქვეყნებია. 

ერთი დღით ადრე, გაიანის პრეზიდენტმა ირფაან ალიმ Associated Press-ს უთხრა, რომ მისმა მთავრობა უკვე მიმართა მოკავშირეებსა და რეგიონში პარტნიორებს სამხედრო დახმარებისთვის.

"თუ ვენესუელა გააგრძელებს ამ უგუნურ და ავანტიურისტულ მოქმედებას, რეგიონი იძულებული იქნება უპასუხოს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ვამზადებთ პასუხს რეგიონულ დონეზე". - თქვა ალიმ.

ესეკიბოს ანექსია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 125 ათასს შეადგენს, დაგმეს დიდმა ბრიტანეთმა, ერთა თანამეგობრობამ, კარიბის საზოგადოებამ და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ. ამასთან, ბრაზილიამ გამოთქვა შეშფოთება შექმნილი სიტუაციით და განაცხადა, რომ არ სურს ომი სამხრეთ ამერიკაში და გამოაცხადა მზადყოფნა გახდეს შუამავალი მოლაპარაკებებში. რუსეთმა კი 2023 წლის ბოლომდე მადუროს მოსკოვში ვიზიტი დააანონსა.

ესეკიბოს მოსახლეობა ძირითადად ინგლისურენოვანია და ისინი თავს გაიანელებად მიიჩნევენ. ესპანეთის იმპერიის ქვეშ, ესეკიბო შორეულ და განუვითარებელ რეგიონად მიიჩნეოდა. 

ესეკიბოს რეგიონზე დავა 1899 წლიდან იწყება, როდესაც ბრიტანული გაიანას საზღვრების დასადგენად პარიზში ტრიბუნალი გაიმართა. ვენესუელელების თქმით, ესეკიბოს რეგიონი ესპანეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, ხოლო ვინაიდან ტრიბუნალზე ვენესუელას მონაწილეობა არ მიუღია, ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობას მისი გადაწყვეტილება ბათილად მიაჩნია. 

1966 ბრიტანეთის, ბრიტანული გაიანისა და ვენესუელის მთავრობებმა ჟენევის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიწანიც საზღვარზე დავის მოგვარება იყო. შეთანხმებით, მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემთხვევაში, საკითხი განსახილველად გაეროს გადაეცემოდა. 

მას შემდეგ რეგიონს დამოუკიდებელი გაიანა მართავდა, თუმცა მასზე ვენესუელა ტერიტორიულ პრეტენზიას აცხადებდა. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა უგო ჩავესის დროს შემცირდა, როდესაც 2004 წელს გაიანაში ვიზიტისას მან განაცხადა, რომ საკითხის წინ წამოწევას იგი არ აპირებდა. 

2015 წელს ესეკიბოს რეგიონში ნავთობის აღმოჩენამ გაიანა მსოფლიოში ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ქვეყნად აქცია. 2020 წელს, საკითხზე მსჯელობა გაეროს უმაღლესმა სასამართლომ დაიწყო, სადაც საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტი რჩება. თუმცა, ვენესუელის პრეზიდენტი მადუროს თქმით, აღნიშნულ სასამართლოს ამ საკითხზე იურისდიქცია არ გააჩნია. 

კომენტარები