სამხრეთ ამერიკა

ბრიტანეთი გაიანა-ვენესუელის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე რეგიონში სამხედრო გემს გაგზავნის

ბრიტანული სამხედრო გემი HMS Trent

გაერთიანებული სამეფო გაიანასთვის დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით რეგიონში სამხედრო გემს გაგზავნის. ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს თქმით, შობის შემდეგ ბრიტანული სამხედრო გემი HMS Trent-ი, რომელიც მანამდე კარიბის ზღვაში ნარკოტიკების კონტრაბანდასთან საბრძოლველად იყო გაგზავნილი, გაიანას არმიასთან ერთად სამხედრო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.

ბოლო პერიოდში გაიანასა და ვენესუელას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ვენესუელამ გაიანას ესეკიბოს რეგიონზე პრეტენზია განაახლა. 3 დეკემბერს ვენესუელის მოქალაქეებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადუროს მოთხოვნით ჩატარებულ რეფერენდუმში მეზობელი გაიანას ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას მხარი დაუჭირეს. თუმცა, მოგვიანებით ვენესუელა და გაიანა შეთანხმდნენ, რომ ძალის გამოყენებისა და დაძაბულობის ესკალაციისგან თავს შეიკავებდნენ.

რეფერენდუმში ვენესუელელებს ჰკითხეს, ემხრობიან თუ არა ისინი ესეკიბოს სადავო ტერიტორიაზე გაიანას ესეკიბოს შტატის ჩამოყალიბებას და შემდგომ აღნიშნული შტატის ვენესუელასთან შემოერთებას, ხოლო იქაური მოსახლეობისთვის ვენესუელის მოქალაქეობის მიცემას. ამასთანავე, რეფერენდუმით ვენესუელის მოქალაქეებმა ორ ქვეყანას შორის დავაზე გაეროს უმაღლესი სასამართლოს იურისდიქცია უარყვეს. 


ესეკიბოს რეგიონზე დავა 1899 წლიდან იწყება, როდესაც ბრიტანული გაიანას საზღვრების დასადგენად პარიზში ტრიბუნალი გაიმართა. ვენესუელელების თქმით, ესეკიბოს რეგიონი ესპანეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, ხოლო ვინაიდან ტრიბუნალზე ვენესუელას მონაწილეობა არ მიუღია, ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობას მისი გადაწყვეტილება ბათილად მიაჩნია. 

1966 ბრიტანეთის, ბრიტანული გაიანისა და ვენესუელის მთავრობებმა ჟენევის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიწანიც საზღვარზე დავის მოგვარება იყო. შეთანხმებით, მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემთხვევაში, საკითხი განსახილველად გაეროს გადაეცემოდა. 

მას შემდეგ რეგიონს დამოუკიდებელი გაიანა მართავდა, თუმცა მასზე ვენესუელა ტერიტორიულ პრეტენზიას აცხადებდა. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა უგო ჩავესის დროს შემცირდა, როდესაც 2004 წელს გაიანაში ვიზიტისას მან განაცხადა, რომ საკითხის წინ წამოწევას იგი არ აპირებდა. 

2015 წელს ესეკიბოს რეგიონში ნავთობის აღმოჩენამ გაიანა მსოფლიოში ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ქვეყნად აქცია. 2020 წელს, საკითხზე მსჯელობა გაეროს უმაღლესმა სასამართლომ დაიწყო, სადაც საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტი რჩება. თუმცა, ვენესუელის პრეზიდენტი მადუროს თქმით, აღნიშნულ სასამართლოს ამ საკითხზე იურისდიქცია არ გააჩნია. 

კომენტარები