ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი უკმაყოფილოა, რომ ევროკავშირი მზადაა, სირიის ახალ ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს. განცხადებას მათი ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ყურადღება მივაქციეთ ევროკავშირის სახელით ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ბრიუსელი აცხადებს, რომ სირიის სახალხო კრებასთან "იმუშავებს" დამასკოს სუვერენული გადაწყვეტილებების გადასახედად. საუბარია სირიის ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობაზე, რათა მან გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
ევროკავშირის მხრიდან მსგავს რიტორიკას სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად ვაფასებთ. ევროკავშირი, რომელიც სიტყვიერად აცხადებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემის ერთგულებას, რეალურად ცდილობს დამოუკიდებელ სირიას უკარნახოს, რომელი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და რომელი გააუქმოს.
გვინდა შევახსენოთ ევროპელ მაღალჩინოსნებს, რომ სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 2018 წელს აღიარება სუვერენული სახელმწიფოს თავისუფალი ნების გამოხატულება იყო, რომელიც ეფუძნებოდა ობიექტურ ისტორიულ რეალობასა და ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით იქნა მიღებული და არ ექვემდებარება გარე ძალების ზეწოლით გადახედვას.
ბრიუსელის მცდელობები, ეკონომიკური ან პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით შეცვალოს სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ რეალობა, არამარტო უპერსპექტივოა, არამედ კონტრპროდუქტიულიც. იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირი სხვა ქვეყნებს საკუთარ ნებას ახვევდეს თავს, უმჯობესი იქნებოდა ყურადღება გაემახვილებინა იმ რეალურ მიზეზებზე, რომლებმაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება განაპირობა, კერძოდ, თბილისის აგრესიულ პოლიტიკაზე, რომელმაც 2008 წელს რესპუბლიკის მოსახლეობა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა." - წერია განცხადებაში.
აქამდე, 17 ივლისს, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ევროკავშირი მზადაა, სირიის ახალ ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს.
სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დროს, აღიარა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. მის შემდეგ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.





