სამხრეთ ამერიკა

ბრაზილიამ ვენესუელისა და გაიანას საზღვარზე შეიარაღებული ძალების მობილიზაცია დაიწყო

ვენესუელელი სამხედროები აორგანიზებენ მოსახლეობას, რომელიც ესეკიბოს სადავო ტერიტორიის შესახებ რეფერენდუმის სიმულაციაში მონაწილეობს
REUTERS/Leonardo Fernandez Viloria

ბრაზილიამ თავის მეზობლებს, გაიანასა და ვენესუელას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე ჩრდილოეთის საზღვარზე თავდაცვითი ქმედებების გაძლიერება დაიწყო.

„თავდაცვის სამინისტრო სიტუაციას აკვირდება. ქვეყნის ჩრდილოეთის საზღვრის რეგიონში თავდაცვით ქმედებებს ვაინტენსიურებთ და შეიარაღებულ ძალებს უფრო დიდი რაოდენობით განვათავსებთ“. – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ვენესუელა და გაიანა ესეკიბოს რეგიონზე დაობენ, რომელიც გაიანას საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 2/3-ს შეადგენს. 1899 წელს საერთაშორისო არბიტრაჟით მიღებულ გადაწყვეტილების ფარგლებში, ესეკიბოს ტერიტორია გაიანას მიეკუთვნა. გადაწყვეტილება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ვენესუელა რეგიონს საუკუნეზე მეტია საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა საკითხს განსაკუთრებული ყურადღებას მას შემდეგ დაუთმო, რაც 2015 წელს ნავთობკომპანია ExxonMobil-მა ესეკიბოს სანაპიროებზე კომერციული ოდენობის ნავთობი აღმოაჩინა. ვენესუელამ გაიანას მიერ რეგიონში ნავთობის მოპოვებაზე გაცემულ ტენდერი გააპროტესტა. მისი თქმით, ტენდერი არალეგიტიმურია, რადგან მიწა გაიანას არ ეკუთვნის.

3 დეკემბერს ვენესუელაში რეფერენდუმის ჩატარდება, რომელშიც მთავრობა ესეკიბოს შესახებ საკუთარ მოსახლეობას ხუთ კითხვას დაუსვამს. მათ შორის ერთ-ერთი იქნება, გამოცხადდეს უნდა თუ არა ესეკიბოს რეგიონი ვენესუელის ერთ-ერთ შტატად, იქაური მოსახლეობა კი – ვენესუელის მოქალაქეებად.

ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მთავრობა მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებს, რეფერენდუმის კითხვებზე დადებითი პასუხი გასცეს. პირადად მადურომ, მისი სიტყვებით, „პედაგოგიური საარჩევნო კამპანია“ დაიწყო – თავის სატელევიზიო გადაცემაზე ესეკიბოს ისტორიის შესახებ მოსახლეობას ხანგრძლივ ლექციებს უტარებს.

გაიანამ კი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც მას 1899 წელს მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ქვეყნის წარმომადგენლების თქმით, ეს საკითხი მათთვის „ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა“ და სასამრთლოს ვენეზუელაში ჩატარებული რეფერენდუმის შეჩერებას სთხოვს.

„კოლექტიური გადაწყვეტილება, რომლისკენაც აქ მოუწოდებენ, ამ საქმეში სადავო ტერიტორიის ანექსირებას მოიცავს. ეს არის ანექსირების ტიპიური მაგალითი“. - თქვა ამერიკელმა ადვოკატმა, რომელიც სასამართლოზე გაიანას წარმოადგენს.

კომენტარები